ფშაური კაფიები

წაწლობა

პატარა დავწევ ქალთანა,
გავხსენ მძივიან საყელო,

ქალმა ხელები შამტაცა:
- რას შვრები, ძაღლის ნაშენო!
ხელებს ძუძუზე რად მისომ,
აგრემც შავ მიწან დაგფქვენო!
იწექ და ხელი არ გასძრა,
აღარ გამიხსნა საყელო!

- ნეტა აღარას მიშველსა,
ლაშა გიორგი ვახსენო?

- რო თავის ფეხით მობრძანდეს,
მე არაი მაქვს საშენო!

ავდეგ, გამოვწყერ მენაცა:
- რა მაქვის შენთან საფერო,
"წუხელის ვიწევ ქალთანა",
სუ ქვეყანაზე გავფენო.

ჩოხის კალთაზე გამება:
- სად მიხვალ, მიწის დამყრელო?!

ავდეგ, ჩაუწევ ისევა,
საკინძის ღილებ დავხსენო.




მწყემსები
 
გოგო და ბიჭი ცხვრებს მწყემსავდნენ, ერთი ერთ გორაზე, მეორე - მეორეზე. უყურებდნენ ასე ერთმანეთს შორიდან. უცებ დაუშვა წვიმამ და ერთ ხევში აღმოჩნდა ორივე თავის შესაფარებლად.

ბიჭი: - ჩემთან რად მოხველ, ქალაო,
უცხოსთან უმეცარია?
ქალი: - მა რა ვქნა, დანელებულო,
რო სწვიმს და ავი დარია.
ბიჭი: - ისეთა ნაბადი მაქვის,
არ გავარდება ნამია.
ქალი: - მეც იმით შამოგეფარე,
ეგებ გადავრჩე მშრალია.
ბიჭი: - რა გიყო, როგორ დაგინდო,
შენთან რა ფიც-ვერცხლ ვჭამია?
ქალი: - ქალებში ნათრევს გამბობენ,
ნურც მე გგონივარ ხამია.
ბიჭი: - ეტყობა შენ ძუძუ-მკერდსა,
თოვლივით ჩამამდნარია.
ქალი: - ჩემ ძუძუთ მაარიდოდნი
ეგ დასათხრელნი თვალნია.
ბიჭი: - ბევრსაც ნუ ვილაპარაკებთ,
ეხლა ჩაკოცნის ხანია.
ქალი: - რა გიყვა, დაბნელებულო,
დღე არი, განა ღამია.


წყარო: ფშაური კაფია. შეადგინა გიგი ხორნაულმა. თბილისი: "შემოქმედი", 1993.

Comments