ქართველ ებრაელთა ფოლკლორის კვლევა საქართველოში

ფოლკლორისტიკაში ქართველ ებრაელთა საკითხი მეცნიერულად თითქმის არ გამოკვლეულა. ქართველ ებრაელთა შესახებ სამეცნიერო გამოკვლევები ძირითადად ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ლინგვისტურ სფეროებს მოიცავს. სამაგიეროდ ხელთ გვაქვს  ძალზე ღირებული ფოლკლორული მასალა, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული იკრიბებოდა სხვადასხვა ექსპედიციის მიერ და დღესდღეობით თბილისში დაცულია:
  • შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორულ არქივში,
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულ არქივში და
  • საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში.

ლიტერატურის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივების მასალებიდან რამდენიმე ტექსტი გამოქვეყნებულია კრებულში „ქართველ ებრაელთა ყოფა და ფოლკლორი“, რომელიც 1999 წელს ე. დადუნაშვილმა გამოსცა.

საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული ზეპირსიტყვიერების მასალები საერთოდ არ შემოსულა სამეცნიერო მიმოქცევაში. ამ მასალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის საკითხების მკვლევართათვის. 

1936 წელს დაარსებულ ხალხური შემოქმედების სახლში ფოლკლორული არქივის შექმნა ვახტანგ კოტეტიშვილის (1893-1937) სახელს უკავშირდება. ვახტანგ კოტეტიშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ფოლკლორულ ექსპედიციებს - საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში წინასწარ შემუშავებული მარშრუტით, მეცნიერული მიზნებით ჯგუფობრივ გასვლას ხალხში მასალების შესაგროვებლად.    აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს ქართული ფოლკლორული მასალის მოძიების პარალელურად მეცნიერებსა და ზეპირსიტყვიერების შემკრებთ არ დავიწყებიათ ებრაული ფოლკლორი. ექსპედიციების მიზანს შეადგენდა, დაეფიქსირებინათ და მეცნიერებისათვის საკვლევად გადაეცათ ყოველგვარი მასალა, რაც ქართულ ხალხურ შემოქმედებას უკავშირდებოდა. არქივებში დაცული რვეულები, რომლებსაც გარეკანზე “ებრაული ფოლკლორი” აწერია, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რაოდენ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მაშინდელ მოღვაწეებს ქართველ ებრაელთა ფოლკლორის საერთო ქართული კულტურის კონტექსტში შესწავლა. როგორც ვიცით, მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში ფოლკლორისტიკის ყოველგვარი სიახლის მიღმა ვახტანგ კოტეტიშვილის სახელი იმალება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველ ებრაელთა ფოლკლორის შეკრებაც მისი დავალებით განხორციელდა. ყველა შემთხვევაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალა უშუალოდ ვახტანგ კოტეტიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო.
 
ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალების გაცნობისას თვალში მოსახვედრია ერთი ფაქტი: ქართველ ებრაელთა ყოფა, დღესასწაულები, წეს-ჩვეულებები და ფოლკლორული ჟანრების უდიდესი ნაწილი ებრაული ტრადიციების ამსახველია, ერთადერთი ჟანრი ზეპირსიტყვიერებისა, რომელშიც ქართული გავლენა იგრძნობა, არის ზღაპარი. ამის მიზეზი თავად ჟანრის თავისებურებაშია საძებარი.  საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრებისათვის დამახასიათებელია ორიგინალური სიუჟეტები. ამგვარი ზღაპრები საუკეთესო ფოლკლორული მასალაა ეთნოგრაფებისა და კულტურის ანთროპოლოგებისათვის, რადგან მათში განსაკუთრებით გამოკვეთილია ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები და სოციალური ყოფა. ჯადოსნური ზღაპარი, როგორც ჟანრი, „ინტერნაციონალურია“, მსოფლიო ხალხთა ჯადოსნური ზღაპრები ერთ სისტემას ქმნიან და ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი აღნაგობით ერთი ტიპისაა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ არეს. არამონათესავე, მაგრამ მეზობელ ხალხთა ზღაპრები უფრო მეტად მსგავსია, ვიდრე მონათესავე, მაგრამ ერთმანეთისგან დაშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხებისა (მაგალითად, ბასკური ზღაპრები უფრო მეტად ჰგავს ესპანურსა და ფრანგულ ზღაპრებს, უნგრული ზღაპრები – უფრო ცენტრალურ ევროპულს და არა სკანდინავიურს). მითუმეტეს არაფერია გასაკვირი ქართველ ებრაელთა ზღაპრების მსგავსებაში ქართულ ზღაპრებთან. აბსოლუტურად ერთსა და იმავე სიუჟეტზე აგებულ ქართულ და ებრაულ ზღაპრებში განსხვავება მხოლოდ გმირის ღვთაებრივი შემწეების სახელებშია. ეს ვრცელდება როგორც ჯადოსნურ, ისე საყოფაცხოვრებო ზღაპრებზე.

წყარო:
ელენე გოგიაშვილი, თხრობის ფუნქცია ეთნოკულტურულ კონტექსტში (ქართველ ებრაელთა ზღაპრები, - სჯანი, ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი, 8. თბილისი, „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2007. გვ. 144-156.