ფოლკლორი და იდეოლოგია

      ფოლკლორისტებისა და ეთნოლოგებისთვის სახელმწიფო არ არის მთავარი საკვლევი თემა, მაგრამ ის ყოველთვის გარკვეულწილად ფიგურირებს ფოლკლორთან მიმართებაში. დღეს მეცნიერებაში სადაო აღარ არის, რომ ფოლკლორისადმი ინტერესი სწორედ სახელმწიფოდან მომდინარეობდა დაწყებული განმანათლებლობის ეპოქიდან დამთავრებული დღევანდელი დღით, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სხვადასხვა სახის ორგანიზაცია მოქმედებს.
      ფოლკლორის მხატვრული, შემეცნებითი და ისტორიული ღირებულება ქართულმა საზოგადოებრიობამ ნათლად გააცნობიერა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. მაშინ, როცა ცარიზმის პოლიტიკით ფოლკლორული და ეთნოგრაფიული აღწერები ადმინისტრაციული დაზვერვის საშუალება იყო, ფოლკლორი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი იარაღი გახდა. ხალხური შემოქმედების როგორც ზეპირსიტყვიერების, ისე მუსიკალური ფოლკლორის _ ნიმუშების შეკრებას ამ ეპოქის უდიდესი მოღვაწეები მოთავეობდნენ: ი. გოგებაშვილი, რ. ერისთავი, ალ. ყაზბეგი, პ. უმიკაშვილი, თ. რაზიკაშვილი და სხვ.
      საკუთარი ტრადიციების დაცვა ძლიერი იარაღია იდენტობის შესანარჩუნებლად. ტრადიციისკენ მიბრუნების ფენომენი შეიძლება პოლიტიკურ ელფერსაც ატარებდეს. ისტორია მდიდარი წყაროა საიმისოდ, რომ შესაბამისი ფაქტები პოლიტიკურ პროგრამად იქნას შემოთავაზებული. დღეს მეცნიერებაში აღიარებულია, რომ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად ერის სიძველის სურათის შესაქმნელად წარმატებით გამოიყენებოდა ფოლკლორული წყაროები: ხალხური გადმოცემები, საგმირო თქმულებები და ბალადები, ლეგენდები, მემორატები, რომლებიც ნაციონალურ ისტორიულ გმირებს უკავშირდებიან.
      ფოლკლორი ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლენის თვალსაჩინო საშუალებაა, მაგრამ ამასთან ერთად დიდია მისი გაქრობის საშიშროებაც, თუ ის დროულად არ იქნა დაფიქსირებული.
      მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე, ფოლკლორული მასალის ფიქსაციის გარდა, აქტუალური გახდა მისი მეცნიერული შესწავლა და სისტემური კვლევა. 1901 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი სამუსიკო ფოლკლორული ექსპედიცია კომპოზიტორისა და მუსიკისმცოდნე-ეთნოგრაფის დიმიტრი არაყიშვილის (1873-1953) ხელმძღვანელობით, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ მუსიკალურ ფოლკლორისტიკას. ამ და მომდევნო ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 1908 წლამდე მეცენატი დავით სარაჯიშვილი აფინანსებდა.
      1921 წლის შემდეგ ფოლკლორი საბჭოთა იდეოლოგიის მხარდამჭერად გადაიქცა. ფოლკლორი _ სიტყვიერი და მუსიკალური _ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც მუშათა და გლეხთა კლასის ხელოვნება, როგორც მშრომელი ხალხის შექმნილი და ამდენად, მთელ საბჭოთა საზოგადოებაში პოპულარული უნდა გამხდარიყო.
      1927 წელს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ხალხური შემოქმედების პირველი ოლიმპიადა, რომლის ჟიურისაც დიმიტრი არაყიშვილი თავმჯდომარეობდა, ჟიურის წევრები იყვნენ: მელიტონ ბალანჩივაძე, გრიგოლ ჩხიკვაძე, შალვა ასლანიშვილი და სხვები. 1929 წელს ჟიურის თავმჯდომარე ზაქარია ფალიაშვილი იყო.
მეცნიერებმა ყურადღება გადაიტანეს ფოლკლორის აპოლიტიკურ მხარეზე, კვლევები მთლიანად ორიენტირებული იყო ტრადიციის შინაგან სტრუქტურაზე, რომელიც ხელშეუხებელი იყო პოლიტიკისგან. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ლექციების კურსის კითხვა. 1932 წელს საქართველოს მუზეუმში ფოლკლორის განყოფილება დაარსდა. ორივე ამ წამოწყების მოთავე ქართველი ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ხელოვნებათმცოდნე და მოქანდაკე ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937) იყო.
ვახტანგ კოტეტიშვილი უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა და იმავდროულად საქართველოს მუზეუმში თავისივე დაარსებულ ფოლკლორის განყოფილებასა და ფოლკლორულ არქივს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, 1936 წელს, ამ განყოფილების ბაზაზე ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის (ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი) ფოლკლორის განყოფილება და არქივი შეიქმნა. ვახტანგ კოტეტიშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ფოლკლორულ  სამეცნიერო ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წინასწარ შემუშავებული მარშრუტით.

წყარო: ელენე გოგიაშვილი, ქართული ფოლკლორი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიურ სამსახურში, - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა", მასალები. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი 2008, გვ. 81-87.

Comments