ევროპული ზღაპარმცოდნეობის ძირითადი ტენდენციები


ცნება “ზღაპარში” გარდა საკუთრივ ზღაპრებისა, აერთიანებენ ეტიოლოგიურ გადმოცემებს, იგავებს, ცხოველთა ზღაპრებს, მორალისტურ ამბებს,  ლეგენდებს, თქმულებებსა და შერეულ ფორმებს.

მაშინ, როცა ზღაპარს მისადაგებული ჟანრები ზღაპრის ტიპთა საერთაშორისო კატალოგში გააერთიანეს, აღმოჩნდა, რომ არაევროპული ხალხური მოთხრობები მხოლოდ პირობითად იყო თემატურად კლასიფიცირებული. ისინი არ იყო საკმაო დონეზე შესწავლილი ევროპელი მეცნიერების მიერ.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლებამდე ფოლკლორისტები მიიჩნევდნენ, რომ ზეპირი მოთხრობები საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას და წინაპართა რწმენების მნიშვნელოვან საბუთს წარმოადგენდა; ეროვნული იდენტობისთვის ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობას უფრო მეტადაც კი აფასებდნენ, ვიდრე ლიტერატურულ წყაროებს (ამ რომანტიკულ შეფასებაზე გავლენა მოახდინა მე-19 საუკუნეში ევროპაში დაწყებულმა ეროვნულმა მოძრაობებმა. ეს ტენდენცია მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა ხალხური წყაროების შეკრებისას).

ბევრ ე.წ. ხალხური გადმოცემას მდიდარი წერილობითი ტრადიცია აქვს. ბევრი ფოლკლორული ნიმუში თავისი სიუჟეტით მსოფლიო ლიტერატურიდან მომდინარეობს, რაც ხალხში ზეპირი გზით ვრცელდებოდა და მთქმელების (homo narran) ფანტაზიით გადამუშავდებოდა. ეს ეხება უმეტესწილად ეზოპეს სახელთან დაკავშირებულ იგავ-არაკებს და მათ მსგავს მოთხრობებს აღმოსავლურ ტრადიციაში.

წყარო:
ელენე გოგიაშვილი: მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სიუჟეტურ ტიპთა საერთაშორისო კატალოგი (მიმოხილვა), - კადმოსი. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1/2009. გვ. 315-320.

Comments