ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ერთ მშვენიერ დილას ერთმანეთს შეხვდნენ წყალი, ქარი, ცეცხლი და ნამუსი. გადაწყვიტეს, ერთად მოევლოთ ქვეყანა და გზას დაადგნენ.
სადაც გამოჩნდებოდა წყალი, ყვავილი იშლებოდა, ბალახი ცვრიანდებოდა, მდინარეები ჩუხჩუხებდნენ.
სადაც გამოჩნდებოდა ქარი, იქ, თითქოს ერთმანეთს ესალმებიანო, ლერწმები ქანაობდნენ, ველ-მინდვრებზე ბალახს პატარძალივით ყელი მოეღერებინა, თითქოს აბრეშუმის მაქმანს არხევდა.
ცეცხლი, ქარი და წყალი აქეთ-იქით მკვირცხლად დათამაშებდნენ, ნამუსი კი მაღლა აწეული თავით მხოლოდ წინ მიიწევდა. სახალხო გმირებს, ქვეყანას მომხდურთაგან რომ იცავდნენ, ნამუსის დანახვა უხაროდათ.
ბოლოს მეგობრები – ცეცხლი, ნამუსი, ქარი და წყალი მარტოდმარტო მდგარ მწვერვალს მიადგნენ მთიან ინგუშეთში.
ქარმა მთის გარშემო ქროლა დაიწყო, წვრილი ლერწმები აათამაშა. წყალი ნაკადულებს და მდინარეებს შეუერთდა, მთიდან რომ მოწანწკარებდნენ. ცეცხლმა მთის ქვეშ მყოფ ცეცხლს გაუბა მუსაიფი.
ნამუსი კი მტკიცედ დადგა მთაზე, თვალს ადევნებდა ხალხს, რომელიც მის რჩევას უსმენდა.
– მეგობრებო, – თქვა მოუსვენარმა ქარმა, – შეხედეთ, რა ველი გადაშლილა ჩვენ წინ. გასეირნება მსურს.
მოჩუხჩუხე წყალმა კვერი დაუკრა. არც ცეცხლი იყო უარზე. ნამუსი კი სიტყვას არ ძრავდა.
– პირობა დავდოთ, რომ ერთმანეთს არ დავკარგავთ, – თქვა ცეცხლმა.
ყველა დაეთანხმა.
– თუ სადმე სახლი ან თივის ზვინი დაიწვება, იცოდეთ, რომ იქ ვარ, – თქვა ცეცხლმა.
– თუ მინდვრად ან ველად ლერწამს დაინახავთ, იცოდეთ, რომ იქ ვარ, – თქვა წყალმა.
– მოშრიალე ფოთლები და გზაზე ადენილი მტვერი ჩემ თავს გაგახსენებთ, – თქვა ქარმა.
ნამუსი მდუმარედ უსმენდა მათ.
– ნამუსო, რას გაჩუმებულხარ? – შეეკითხა ქარი, – რა ნიშნით გიცნოთ?
– სიმართლის თქმისთვის ნუ გამკიცხავთ, – მიუგო ნამუსმა, – თუ დავიშლებით, გახსოვდეთ: ჩემთან ერთი წამითაც განშორება იმას ნიშნავს, რომ ვეღარასდროს მნახავთ.
წყარო:
Comments
Post a Comment