ალან დანდესი: რა არის ფოლკლორი?
ვფიქრობთ, სახელმძღვანელოს შესავლისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება ფოლკლორის ფორმათა შემაჯამებელი ჩამონათვალი, თუნდაც არასრული. ფოლკლორის დეფინიციის სრულყოფისათვის საჭიროა მისი ყოველი ფორმის სათითაო განსაზღვრება. თუმცა ზოგიერთ ძირითად ფორმას, მაგალითად, მითოსსა და ზღაპარს მთელი წიგნი სჭირდება ასახსნელად, მაგრამ წინამდებარე სია მაინც გამოადგება დამწყებთ.
ფოლკლორში შედის მითები, ლეგენდები, ზღაპრები, ანეკდოტები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერები, დალოცვა, წყევლა, ლანძღვა, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, დაცინვა, გამოსაჯავრებელი, სადღეგრძელო, ენის გასატეხი, მისალმება-დამშვიდობების ფორმულები.
ფოლკლორი მოიცავს აგრეთვე ხალხურ წეს-ჩვეულებებს, ხალხურ ცეკვებს, ხალხურ დრამასა და მიმიკას, ხალხურ გრაფიკას, ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს, ხალხურ მედიცინას, ხალხურ ინსტრუმენტულ მუსიკას, ხალხურ სიმღერებს, ხალხურ მეტყველებას (სლენგი), ხალხურ გამოთქმებს, ხალხურ მეტაფორებს და მეტსახელებს. ხალხური პოეზიის ამპლიტუდა მერყეობს ეპოსიდან წიგნის ავტოგრაფამდე: ხალხური პოეზიაა ეპიტაფია, ლატრინალია (კედლის წარწერები საზოგადოებრივ საპირფარეშოებში), ლიმერიკი (სახუმარო ლექსი), ბურთის აკენწვლის, ხტომის, თითების თამაშის, გათვლის, ბავშვის დარწევის რითმებიც კი. ფოლკლორის ფორმათა ჩამონათვალში შედის თამაშები, ჟესტები, სიმბოლოები, ოხუნჯობები, ხალხური ეტიმოლოგია, სამზარეულო რეცეპტები, გობელენისა და ნაქარგის დიზაინი, ნაგებობათა ტიპები, ქუჩის გამყიდველთა შეძახილები, კონფიდენციალური ბგერები ცხოველთა მოსახმობად და ბრძანების მისაცემად. არსებობს მცირე ფორმებიც – აბრევიატურები და ტრადიციული კომენტარები სხეულის მდგომარეობასა და მოძრაობებზე (მაგალითად, დაცემინების შემდეგ). არის მასიური ფორმებიც – ფესტივალები და განსაკუთრებული დღეების წეს-ჩვეულებები (შობა, დაბადების დღე და ა.შ.).
ეს ფოლკლორის ფორმათა არასრული ჩამონათვალია. სიტყვა „ფოლკლორი“ გამოიყენება როგორც მასალის აღმნიშვნელად, ისე მისი შესწავლისათვის. ორაზროვნება რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესი იქნება „ფოლკლორი“ ვუწოდოთ მასალას, საგანს, ხოლო საგნის შესწავლას _ „ფოლკლორისტიკა“ _ მასალისა და დისციპლინის განსაზღვრება აქ წარმოდგენილ სტატიებში კიდევ უფრო ნათელი გახდება, რამდენადაც ისინი ფოლკლორის, ლიტერატურისა და ანთროპოლოგიის კვლევის ურთიერთკავშირს ადასტურებენ.
წიგნიდან:
Alan Dundes: The Study of Folklore. Prentice-Hall, Inc., Englewood Cliffs, N.J. 1965, გვ. 1-3.
Comments
Post a Comment