ზღაპრული ვაშლი

ვაშლი, ვაშლის ხე (ლათ. malus), ერთ-ერთი უძველესი (ნეოლითის ხანაშივე) ხილია ევრაზიაში. ძველ კულტურებში ითვლებოდა სიყვარულის, ნაყოფიერებისა და მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლოდ. ვაშლები სიყვარულის და ნაყოფიერების ღვთაებების ატრიბუტებია (მაგალითად, ბერძნული დემეტრა და აფროდიტე, რომაული ვენერა).
ვაშლები ზღაპარშიც სიყვარულთან არიან კავშირში. მეფის ასულები საქმროებს (ოქროს) ვაშლის სროლით ირჩევენ  ანდა ვაშლში დამალულია სასიყვარულო წერილი. ვაშლის დაყნოსვისგან შეიძლება დაფეხმძიმება.
ვაშლი სამკურნალო საშუალებაცაა, მკვდრის გამაცოცხლებელი.ბევრ მითოლოგიურ სისტემაში მჭიდრო კავშირია სიყვარულსა და სიკვდილს, ნაყოფიერებას, ხმობას და კვლავ განახლებას შორის. ასევე ვაშლის სიმბოლიკაც დატვირთულია სხვადასხვა წარმოდგენებით. ვაშლის ჭამა ბიბლიის მიხედვით ადამიანთა მოდგმის მოკვდავად გადაქცევას იწვევს.
ზღაპარში მოწინააღმდეგეს ოქროს ან მოწამლული ვაშლის სროლით ამარცხებენ. ფიფქიას ზღაპარში დედინაცვალი მოწამლული ვაშლით სასიკვდილოდ დააძინებს მთავარ გმირს. ერთ ბერძნულ ზღაპარში ვაშლის ხეს ფოთლები დასცვივდება, როცა გმირი კვდება. დამარხული ძვლებიდან იზრდება ვაშლის ხე. ერთ გერმანულ თქმულებაში მიცვალებული ცეცხლოვანი ვაშლის სახით ჩნდება, სანამ მას თავის სასურველ ადგილას არ დაკრძალავენ.ვაშლი შეიძლება რაიმეს დამადასტურებელი საბუთი იყოს, მაგალითად, ქალწულობის, მამობის. ვაშლი შეიძლება იყოს გზის მიმასწავლებელი. ვაშლის ჭამით შეიძლება გმირმა ზებუნებრივი სიბრძნე შეიძინოს.ვაშლის მაგიური თვისებები მრავალგვარია. ვაშლი იძლევა ზებუნებრივ ძალას ან სილამაზეს, შეიძლება გაზარდოს რქები ანდა გრძელი ცხვირი და ასევე მოაშოროს, ადამიანი გადააქციოს ცხოველად ანდა გააგიჟოს. შეიძლება გმირი თვითონ გადაიქცეს ვაშლად. შვილად აყვანილი გველი ადამიანად იქცევა, როცა ვაშლს გადაყლაპავს.ვაშლი სიყვარულის სიმბოლოა როგორც გერმანულ, ისე აღმოსავლურ ზღაპრებში. სადაც ვაშლი არ ხარობს, იქ სხვა ხილი ასრულებს მის როლს: ფორთოხალი ან ლეღვი.
ქართულ ზღაპრებში ვაშლი ჩნდება აგრეთვე ძნელი დავალების მიცემის დროს. მეფე ავალებს გმირს ხეხილის ბაღის გაშენებას ერთ ღამეში, მაგალითად: „ამ გალავანში დილამდე ისეთი ხეხილის ბაღი უნდა გააშენო, რომ რიგი ჰყვაოდეს, რიგი მწიფდეს და რიგი იკრიფებოდესო".

Comments