"ზოგიერთმა სტრუქტურალისტმა ვერ გაიგო, რომ ჩემი მიზანი სავსებით პროფესიულ-ფოლკლორისტული იყო და არა იმ რაღაც ფართო განზოგადებათა დადგენა, რომელთა შესაძლებლობაც ეპითეტებშია გამოხატული. მაგალითად, ლევი-სტროსი ორჯერ კითხულობს გაოცებული: რამ მაიძულა, რომ ჩემი მეთოდით ზღაპრებს ვიკვლევ? იგი თვით განუმარტავს მკითხველს ამის მიზეზებს, რომლებიც, როგორც მას ჰგონია, თურმე, იმაში მდგომარეობს, რომ მე ეთნოლოგი არ ვარ და ამიტომაც ხელთ არ მაქვს მითოლოგიური მასალა, არ ვიცნობ მას. ამას გარდა, თურმე არ მქონია არავითარი წარმოდგენა ზღაპარსა და მითს შორის ჭეშმარიტ ურთიერთობათა შესახებაც. ერთი სიტყვით, ის, რომ ზღაპარს ვიკვლევ, თურმე ჩემი არასაკმაო მეცნიერული ჰორიზონტით აიხსნება, თორემ მე ალბათ ჩემი მეთოდით არა ზღაპრების, არამედ მითების გამოკვლევას ვცდიდი.
ამ თეზისთა ლოგიკას მე არ გამოვეკიდები ("რადგან ავტორი არ იცნობს მითებს, ამიტომ იკვლევს ზღაპრებს"). ასეთ დებულებათა ლოგიკა მე სუსტი მეჩვენება. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არცერთ მეცნიერს არ შეიძლება აუკრძალო შეისწავლოს ერთი რამ და მის ნაცვლად ურჩიო მეორე. პროფ. ლევი-სტროსის ეს მსჯელობა გვიჩვენებს, რომ მას საქმე ისე წარმოუდგენია, თითქოს მეცნიერს ჯერ მეთოდი უჩნდება, ხოლო შემდეგ კი იწყებს ფიქრს - რას მიუსადაგოს ეს მეთოდი, ჩვენ შემთხვევაში კი მეცნიერი ამ მეთოდით, რატომღაც, ზღაპრებს იკვლევს, რაც ფილოსოფოსს მაინც და მაინც არ აინტერესებს. მაგრამ მეცნიერებაში ასე არასოდეს არ ხდება. და არც ჩემს შემთხვევაში ყოფილა ასე. ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო: მეფის დროინდელი რუსული უნივერსიტეტები ფილოლოგებს მეტად სუსტ ლიტერატურათმცოდნეობით მომზადებას აძლევდნენ, კერძოდ, ხალხური პოეზია სრულიად უგულვებელყოფილი იყო. ეს ხარვეზი რომ შემევსო, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აფანასიევის ცნობილ კრებულს მოვკიდე ხელი და დავიწყე მისი შესწავლა. წავაწყდი დევნილი გერის ზღაპართა სერიას და ასეთი რამ შევნიშნე: "მოროზკოს" ზღაპარში დედინაცვალი თავის გერს ტყეში მოროზკოსთან აგზავნის. მოროზკო ცდილობს, გაყინოს, მაგრამ გერი ისე წყნარად და ზრდილობიანად აძლევს პასუხს, რომ მოროზკო მას დაინდობს, დაასაჩუქრებს და შინ გაუშვებს. დედაბრის ღვიძლი ქალიშვილი კი გამოცდას ვერ უძლებს და იღუპება. შემდეგ ზღაპარში გერი მოროზკოსთან კი არ მოხვდება, არამედ ტყის კაცთან, კიდევ მომდევნოში კი - დათვთან. მაგრამ ეს ხომ ერთი და იგივე ზღაპარია! მოროზკოც, ტყის კაციცა და დათვიც სულ სხვადასხვანაირად ცდიან და აჯილდოებენ გერს, მაგრამ მოქმედებათა მსვლელობა კი ერთნაირია. ნუთუ ეს არავის შეუმჩნევია? მაშ რატომ თვლიან მათ სხვადასხვა ზღაპრებად აფანასიევი და სხვები? სრულიად ცხადია, რომ მოროზკო, ტყის კაცი და დათვი სხვადასხვა ფორმით ერთსა და იმავე მოქმედებას ასრულებენ. აფანასიევი ამ ზღაპრებს სხვადსხვად იმიტომ თვლის, რომ იქ სხვადასხვა პერსონაჟები მოქმედებენ, მე კი მომეჩვენა, რომ ეს ზღაპრები ერთნაირია იმიტომ, რომ ერთნაირია მოქმედ პირთა ქცევა. ამან დამაინტერესა და სხვა ზღაპრების შესწავლაც დავიწყე იმ თვალსაზრისით, თუ საერთოდ რას აკეთებენ პერსონაჟები ზღაპარში. ამრიგად, არა აბსტრაქციათა, არამედ მასალის სიღრმეში შესვლის გზით დაიბადა მოქმედ პირთა სახეობისგან დამოუკიდებლად მათი მოქმედების მიხედვით ზღაპრის შესწავლის მეტად მარტივი მეტოდი. პერსონაჟის ქცევას, მოქმედებას ფუნქცია დავარქვი. დევნილი გერის ზღაპრებზე დაკვირვებანი ძაფის ის ბოლო აღმოჩნდა, რომელსაც შეიძლება ჩაეჭიდო და გამოხსნა მთელი გორგალი. გამოირკვა, რომ სხვა სიუჟეტებიც ფუნქციათა განმეორებაზეა დაფუძნებული და, რომ, საბოლოო ჯამში, ჯადოსნური ზღაპრის ყველა სიუჟეტი ერთნაირ ფუნქციებს ემყარება, რომ ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი აღნაგობით ერთნაირია."
ვ. პროპი: ზღაპრის მორფოლოგია. თბილისი: "მეცნიერება", 1984, გვ. 25-26.
Comments
Post a Comment