აღმოსავლური ეპოსიდან


 ავაზი
...ლომებსა და ვეფხვებზე ნადირობის შემდეგ ავაზი ძალიან დაიღალა. ცხელოდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და სწყუროდა. მთელი სისწრაფით მიაჭენებდა ცხენს და წყაროს ეძებდა. უცებ მთის ერთი მხრიდან წყლის რაკრაკი მოესმა. ხმას მიჰყვა და წყაროს მიადგა.
წყაროსთან გოგონა ჩაცუცქულიყო და სურას ავსებდა.
ავაზი ცხენიდან ჩამოხტა, გოგონასთან მიიჭრა, სურა ხელიდან გამოგლიჯა და მოიყუდა. გოგონა წამოდგა, უცხო მონადირეს არ მოერიდა, თამამად უტაცა ხელი სურას და წაართვა.
- მშვენიერო ჭაბუკო, საიდან მოსულხარო? - ჰკითხა გოგონამ და სურა თავზე შემოიდგა.
- ნადირობიდანო, - მოკლედ მოუჭრა ავაზმა, სურა ხელმეორედ გამოართვა და მოიყუდა.
გოგონამ ამჯერადაც წაატანა ხელი სურას, ავაზის ტუჩებს მოაშორა და ჰკითხა:
- საით გაგიწევიაო?
ავაზმა არაფერი უპასუხა. გაბრაზებით გამოგლიჯა სურა და ისევ მოიყუდა.
გოგონამ მესამედაც წაართვა სურა და თან ეკითხება:
- გულადი ყმაწვილი ჩანხარ, რა გქვიაო?
ავაზს მრისხანების ცეცხლი მოედო და გოგონას ვეება მუშტი მოუღერა.
გოგონა ერთ წამს შეკრთა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გვერდზე გამდგარიყო, მონადირესთან ახლოს მივიდა და თვალებში თამამად ჩახედა:
- რა ლამაზი თვალები გქონია, რა მამაცური და მომხიბვლელი გამოხედვა!
როგორც ღამის წყვდიადს გააქრობს ხოლმე ანთებული ჩირაღდანი, ისე გაუქრა ავაზს მრისხანება და გოგონას ჰკითხა, ვინ ხარო.
- მე შირმოჰი მქვია. მამაჩემი მწყემსია. ჩვენი სახლი აგერ იმ სოფელშიაო.
- შირმოჰ! მაგ შენი სითამამის გამო სამაგიერო უნდა მოგიზღო, რატომ არ მაცალე, წყალი მშვიდად დამელია და წყურვილი მომეკლაო, - ჰკითხა ავაზმა და ალერსიანად შეხედა.
- ამას თავისი მიზეზი აქვს: ძალზე დაღლილი და გაოფლიანებული რომ დაგინახე, მივხვდი, მოწყურებული იქნება-მეთქი და უბედურებას გადაგარჩინეო.
- რა უბედურებას გადამარჩინეო? - ჰკითხა გაოცებულმა ავაზმა.
- შორ გზაზე დიდხანს გივლია, ძლიერ დაქანცულხარ, ამ დროს ცივი წყლის დალევა მავნებელიაო.
- ჰოო, ახლა კი მივხვდი. შენ ნაზიცა ხარ და ლამაზიც. ამის გარდა, ჭკვიანიცა და გამოცდილიც ყოფილხარ. ახლავე შენ კითხვებზე გიპასუხებ: მე ნადირობიდან ვბრუნდები ჩამბულმასთონში. იქ მამაჩემი ცხოვრობსო.
- ჩამბულმასთონში, ამბობ? - ჰკითხა გოგონამ და თვალები მომხიბვლელად აუციმციმდა, - ალბათ იქ ავაზს ნახავო.
- შენ რა ავაზის სახელი გაგიგიაო?
- ავაზის სახელი ვის არ გაუგია, ან მისი საგმირო სახეები ვინ არ იცისო.
- მაშ, თუ ასეა, დაელოდე. მალე ავაზი აქ გაჩნდება და შენი სილამაზისა და გონების წინაშე მუხლს მოიდრეკსო, - თქვა ფალავანმა, ცხენს მკვირცხლად მოახტა, მათრახმა გადაუჭირა და თვალს მიეფარა.
გოგომ სიყვარულით გააყოლა თვალი.


წყარო:
ტაჯიკური ზღაპრები, შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე გვახარიამ. თბილისი: "ნაკადული", 1972, გვ. 130-134.

Comments