"ფილოლოგიამ და მითოლოგიამ ამ ბოლო დროს ბევრი საკვირველი ჭეშმარიტება აღმოაჩინა მით, რომ სხვადასხვა ხალხთა ისტორიები შეადარა და ამ შედარებამ გამოაკვლია ბევრი საგანი, რომელთაც ჟამთა სიბნელეში არც თავი უჩანდათ, არც ბოლო."
"თითონ სიტყვა "შედარება" ცოტათ თუ ბევრად გვამცნევს - რა უნდა ვიგულისხმოთ, როცა ვამბობთ "შედარებითი მეთოდი". შედარება იმ მოქმედებას გონებისას ჰქვიან, როცა ორს ანუ რამდენსამე საგანს ერთმანეთს წაუყენებს, დაუპირისპირებს, რომ აღმოჩნდეს, რაში აქვთ მსგავსება, ერთიანობა და რაში სხვაობა და სხვადასხვანაირობა [...] ეს-გვარი კვლევა შედარება კი არ არის, სწორედ ის არის, რომ კაცი კვალში ჩაუდგეს რომელსამე საგანს, ანუ მოვლენას, რომ ან სათავიდან ბოლომდე ჩამოჰყვეს, თუ სათავე ვიცით და ბოლო არა, და ან ბოლოდამ სათავემდე აჰყვეს, თუ ბოლო ვიცით და სათავე არა, და ამისათვის კიბედ გაიხადოს ყოველივე შემთხვევა, ყოველივე დრო, ყოველივე ადგილი, სადაც კი ან საგანს ან მოვლენას თავი გამოუჩენია".
"ვისაც შედარებითის მეთოდით უსინჯავს სხვადასხვა რჯულნი, რომელთა ცნობაც მეცნიერებას დღეს ხელთა აქვს, იმას ეცოდინება, რომ ძალნი სოფლის მპყრობელობისა, მზისა და ნათლის მომფენელობისა, წვიმის მომყვანელობისა, ნაყოფთა აღმომცენებლობისა და სხვა ამისთანა მოვლენისა გაღმერთებულნი იყვნენ ყველა ერისაგან მთელს დედამიწის ზურგზედ. ჯერ მინამ მეცნიერება თავის უტყუარის მცენით არ მიჰშველებია ადამიანს გაგებად ბუნების მოვლენისა, ყველა ეს ძალნი კაცის გონებისათვის მიუწვდომელნი და გამოუცვნელნი არიან. გონება კი ადამიანისა იმ თვისებისაა, რომ რა ხარისხზედაც გინდა იდგეს კაცი - ველურია თუ განათლებული, - ყოველთვის წინ უდგა ამ მრავალფერ ქვეყანაში ჭირვეული საკითხი: საიდამ რაა და როგორ? ტეილორი ამბობს, რომ ასეთი საკითხები მარტო განათლებული კაცის კუთვნილებას არ შეადგენს და ველურს კაცსაც ისე აეკვიატება ხოლმე, როგორც მეცნიერებით გონება-გახსნილსაო".
"ზოგი ერია დღესაც, რომ სუფრიდამ ცალკე კერძს გადასდგმენ ხოლმე მიცვალებულის სულისათვის. ფიჯიელნი (ველური ხალხია) დღესაც ნაწილს ხორაგისას ცალკე გადისვრიან, როცა ჭამა-სმაზედ სხედან, რომ მიცვალებულის სული უნაყროდ არ დარჩეს. სპენსერს მოჰყავს მალკომი იმის მოწმად, რომ ბილახნი (ველური ხალხია) სასმელს ისე არავის არ უთავაზებენ, რომ თავი არ გადაუქციონ... არაუკანელნი (ველური ხალხია) ... ყოველის საჭმლის ნაწილს ცალკე გადასდებენ მიცვალებულის სულისათვის უწინარეს იმისა, მინამ თითონ ჭამა-სმას დაიწყებენო..."
წყარო: ილია ჭავჭავაძის წერილები "ხიზნების საქმე", "აი ისტორია".
ილუსტრაციები: ჟან ბატისტ დებრეს (1748-1825) ბრაზილიური ჩანახატები.
Comments
Post a Comment