ქართული ზღაპრების პირველი ინგლისური თარგმანი (1894)

ქართული ხალხური ზღაპრები ინგლისურ ენაზე თარგმნა მარჯორი უორდროპმა (1869-1909), რომელიც 1891-1898 წლებში "ვეფხისტყაოსნის" თარგმანზე მუშაობდა. ქართული ზღაპრების კრებული მარჯორი უორდროპმა ედვარდ ბ. ტაილორს (1832-1917), ანთროპოლოგიის ფუძემდებელს მიუძღვნა:

"ეს თარგმანები უღრმესი პატივისცემით ეძღვნება დოქტორ ედვარდ ბ. ტაილორს, როგორც მოკრძალებული საჩუქარი მისი უდიდესი ტალანტის თაყვანისცემის ნიშნად”. წინასიტყვაობაში მ. უორდროპი საგანგებოდ აღნიშნავს ინგლისელი მეცნიერის კონსულტაციის მნიშვნელობას წიგნის გამოცემის საქმეში: `ხელნაწერი ვაჩვენე დოქტორ ე. ბ. ტაილორს, რომელმაც მითხრა, რომ ამით ბევრი ფოლკლორისტი დაინტერესდებოდა და მათი გამოქვეყნება მირჩია. ამიტომ, თავს მოვალედ მივიჩნევ, ეს წიგნი თანამედროვე ანთროპოლოგიური მეცნიერების შემქმნელს მივუძღვნა”.

მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნ ქართული ზღაპრების კრებულს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სიტყვები სერ ჯონ მალკოლმის (შოტლანდიელი სამხედრო პირისა და ისტორიკოსის) "სპარსული ჩანახატების" XVI თავიდან:

"მესმის, ჩემო მეგობარო, - ვთქვი მე, - შენი უყურადღებობა გადიების ზღაპრების მიმართ, რომელთა მეშვეობით ჰაჯი და მე ერთმანეთს ვართობდით; მაგრამ, მერწმუნე, ვისაც უნდა, კარგად გაიცნოს ხალხი, არ უნდა უგულვებელჰყოს მათი გადმოცემები თუ ადგილობრივი ცრურწმენები. რაც უფრო აღმატებული, ხელოვნური ადგილი გიჭირავს საზოგადოებაში, მით უფრო უცხოა შენთვის ხალხის გრძნობები, რითაც განმსჭვალულია თქმულებები და ზღაპრები".

ამგვარი შინაარსის ეპიგრაფები არ იყო უცხო მაშინდელი წიგნებისთვის, რომლებიც ეგზოტიკური ქვეყნების აღწერას ეხებოდა. ევროპაში სამოგზაურო ლიტერატურა ახალი ეპოქიდან მოყოლებული საზოგადოების საყვარელი საკითხავი იყო, მე-19 საუკუნეში ამას ხალხური გადმოცემებისა და ზღაპრების კრებულები დაემატა, რომლებიც შეიცავდნენ აგრეთვე მცდელობებს, აღწერილიყო ამა თუ იმ ქვეყნის „უცნაურობები“, მისი მოსახლეობა, წეს-ჩვეულებები, ისტორია, რელიგია და ცრურწმენები. მ. უორდროპიც ამგვარ აზრს ავითარებს კრებულის წინასიტყვაობაში: "როგორც პირველი მცდელობა ქართველი ხალხის მრავალფეროვანი და საინტერესო საერო ლიტერატურის ნაწილის ინგლისურად თარგმნისა – ეს პატარა წიგნი ალბათ საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. [...] შედარებითი კვლევის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი აღმოსავლეთმცოდნეობა აღმოჩნდა ბოლო დროს, შეზღუდულია აღმოსავლელი მმართველებით, შეფასებებით, იმედია მალე სხვა მიმართულებითაც წარიმართება კვლევები".

ქართული ზღაპრების თარგმნის სურვილი მარჯორი უორდროპს "ვეფხისტყაოსნის" თარგმანზე მუშაობის დროს გაუჩნდა, როგორც ამას თვითონვე განმარტავს წინასიტყვაობაში: "რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმის წიგნმა ინტერესი გამიღვივა კავკასიისა და მისი მამაცი და მშვენიერი მცხოვრებლების მიმართ. კლასიკური ლიტერატურის, განსაკუთრებით მე-12 საუკუნის დიდი ეპიკოსი პოეტის, შოთა რუსთაველის შესწავლით ბოლო ორი წელი ინტენსიურად ვიყავი დაკავებული და მსურს, ჩემს თანამემამულეებს მივცე შესაძლებლობა, გაიზიარონ ის სიამოვნება, რაც მე განვიცადე". მთარგმნელს სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა ფოლკლორის მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის შესწავლაში. მარჯორი უორდროპის მიერ ზღაპრების თარგმნა მხოლოდ "დაძაბული მუშაობისგან განტვირთვის მიზნით" არ იყო, არამედ ქართული კულტურის სრულყოფილად გააზრებისათვის: "საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე რეგიონი, ხიდს დებს ინტელექტუალური და ეკონომიკური კონტაქტებისთვის და სტუდენტებისთვის მდიდარ საკვლევ მასალას იძლევა. ერთი მხრივ, რელიგიურმა და პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ბიზანტიასთან და, მეორე მხრივ, სპარსეთთან და თურქეთთან, იბერებს ბევრი რამ შესძინა ქრისტიანობის და ისლამის სახით, მათი მეშვეობით ბევრი დაკარგული კავშირის აღმოჩენა შეიძლება ლიტერატურასა და ისტორიაში".

მარჯორი უორდროპს გამოყენებული ჰქონდა შემდეგი წყაროები: 1) ხალხური ზღაპრები, გამოცემული ლადო აღნიაშვილის მიერ 1891 წელს და 2) მეგრული ეტიუდები, გამოცემული ალექსანდრე ცაგარლის მიერ სანკტ-პეტერბურგში 1880 წელს. წიგნს ერთვის მთარგმნელის შენიშვნებიც, რომელშიც რამდენიმე ცდას ვხვდებით ზღაპრის შედარებითი შესწავლისთვის, მაგალითად, პარალელები რუსულ ხალხურ ზღაპრებთან. მარჯორი უორდროპს კრებულის რედაქტირებაში ივანე მაჩაბელი ეხმარებოდა, რომლის დამსახურებას მთარგმნელი ხაზგასმით აღნიშნავს: "დასასრულ, დიდ მადლობას მოვახსენებ თავად ივანე მაჩაბელს თბილისში, შექსპირის ქართველ მთარგმნელს – მისი გულისხმიერი კორექტურისათვის".




ციტატები მოყვანილია მარჯორი უორდროპის წინასიტყვაობიდან კრებულზე: 
Georgian Folk Tales translated by Marjory Wardrop. Published by David Nutt in the Strand. London 1894.

Comments