ქართული საზღაპრო ეპოსისა და მითოლოგიური გადმოცემების შესწავლისას მნიშვნელოვანია მათი გავრცელების არე. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ერთი კანონზომიერება: იმ რეგიონებში, სადაც ჯადოსნური ზღაპრების დიდი რაოდენობაა შეკრებილი, მითოსი უკვე გამქრალია, ხოლო იქ, სადაც მითოსი კიდევ არსებობს, ჯადოსნურ ზღაპრებს ჯერ ისევ პრიმიტიული სახე აქვთ. ელენე ვირსალაძის შენიშვნით, „ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია ზღაპრის უსაზღვრო სიმდიდრეს შეიცავს, ქართული მთა წარმოდგენილია თითქმის მთლიანად ლიროეპიკური პოეზიისა და საგმირო ეპოსის ციკლებით. მთის რაიონებში ჩაწერილი პროზა მეტად თავისებურია. ზღაპარი აქ ნაკლებ გვხვდება. ძირითადი მარაგი პროზისა აქ ეს არის მითიური ან ისტორიული თქმულებანი, ან და მოკლე ამბავი _ მოთხრობა სხვადასხვა შემთხვევების შესახებ _ ის, რასაც მკვლევარები быль, побывальщина-ს უწოდებენ და რასაც ბარში გაცილებით იშვიათად ვხვდებით“ (ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I. თბ. 1960, გვ. 378-379)
აღმოსავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერებაში მკვეთრად ჩანს განსხვავება მთისა და ბარის რეგიონებში ჩაწერილ ზღაპრებს შორის. ქართლსა და კახეთში შეკრებილი მასალა ძალიან მდიდარია. გარდა მრავალრიცხოვანი სიუჟეტებისა ეს ზღაპრები ფორმის სრულყოფილებითაც გამოირჩევა საქართველოს სხვა კუთხეებში ჩაწერილ ზღაპრებთან შედარებით. სამაგიეროდ ბევრ თქმულებასა და გადმოცემას გაზღაპრების პროცესი აქვს დაწყებული, ხშირ შემთხვევაში მთლიანად გაზღაპრებულია.
თქმულებები ამირანისა და როსტომის შესახებ თავის საწყის სახეს არ კარგავენ მთაში და სინამდვილის გადმოცემის ტენდენცია ახასიათებთ. ბარში კი მათ თქმულების სახითაც ვხვდებით და ზღაპრისაც. ქართულ ფოლკლორში “ამირანიანის”, “ტარიელიანისა” და “როსტომიანის” ამგვარი სიუჟეტური ინტერპრეტაციაც არსებობს: სამი სრულიად სხვადასხვა ეპოსის გმირები ერთ ზღაპარში იყრიან თავს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა სხვადასხვა წარმოშობის ეპიკური გმირები ერთმანეთს უკავშირდებიან და მათ შესახებ ახალი ამბავი იქმნება.
მითოსური და ზღაპრული ელემენტები თითქმის ყველა ეპიკურ ნაწარმოებში გვხვდება. ზოგიერთ ზღაპარში კი მითოსი გადამწყვეტ როლს ასრულებს სიუჟეტის განვითარებისთვის.
როგორი სახე აქვს ზღაპარს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში?
თიანეთში, თუშეთში, გუდამაყარში, მთიულეთსა და ხევში ჩაწერილი ზღაპრები (ჯადოსნური, საყოფაცხოვრებო და ცხოველთა) დაახლოებით იმავე რაოდენობით გვხვდება, როგორც მითოლოგიური გადმოცემები. მართალია, ძალზე იშვიათია სიუჟეტურად სრულად გამართული ტექსტი, მაგრამ, საერთო ჯამში ჩანს, რომ ამ კუთხეებში ზღაპრის თხრობის ტრადიციას თავისი ადგილი ეჭირა.
რაც შეეხება ფშაურსა და ხევსურულ ზღაპრებს, მათი ძალზე მცირე რაოდენობაა გამოქვეყნებული, საარქივო მასალებშიც სულ რამდენიმე მოიპოვება, უმეტესად დაუმთავრებელი ან არასრულყოფილი. მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის არქივში ერთადერთი ხევსურული ზღაპარი ინახება _ “ალღიჭაბუკის ზღაპარი” რომელიც ჟანრობრივად მითოსსა და ზღაპარს შორის მერყეობს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში მითოსი და ზღაპარი ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ და ურთიერთგავლენას განიცდიან. განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს ხევსურეთში და ხევში. ხევსურულ ტრადიციაში ზღაპარი უმნიშვნელო როლს ასრულებს, სამაგიეროდ აქტუალურია მითოსი. ხევში საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე _ მითოლოგიური გადმოცემები საგრძნობლად მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, ზღაპრის თხრობის ტრადიცია კი ძლიერია და ეპოსის ნიმუშებიც კი გაზღაპრების ტენდენციას იჩენენ. ხევის მასალა (თხრობითი ჟანრები) ბარში შეკრებილ ზეპირსიტყვიერებასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე მთის ფოლკლორთან.
აღმოსავლეთ საქართველოს მთის საზღაპრო ეპოსში მრავლად მოიპოვება მითოსსა და ზღაპარს შორის მერყევი ტექსტები, რაც ბარისთვის ძალზე იშვიათია. ქართლსა და კახეთში ჯადოსნურ ზღაპრებს თავისი ტიპური ფორმა აქვთ, რომელზეც მითოსური ელემენტები სტრუქტურულ ცვლილებებს ვერ ახდენენ.
როცა ზღაპრის სიუჟეტი მითოსის დიდ გავლენას განიცდის, ეს მოვლენა ყველაზე თვალსაჩინოა ზღაპრის ფინალურ ეპიზოდში. თუ დასასრული ტრაგიკულია, მაშინ საქმე ეხება არა ზღაპარს, არამედ მითს, რომელიც თავისი სტრუქტურით ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს. ზღაპრის ფინალი ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. მითიდან ზღაპარზე გარდამავალ ჟანრს პირობითად "მითი-ზღაპარი" შეიძლება ეწოდოს.
მითიდან ზღაპარში გარდამავალი ჟანრის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ზღაპარი “წიქარა”. ქართულ ფოლკლორში მისი ბევრი ვარიანტი გვაქვს, რომელთაგან ზოგი მითოსთან დგას ახლოს, ზოგი მთლიანად გაზღაპრებულია. ქართლურ, კახურ, იმერულ, რაჭულ, ინგილოურ, მოხეურ და ფშაურ ვარიანტთაგან ჯადოსნურ ზღაპარს ყველაზე დაცილებულია მოხეური და ფშაური ვარიანტები.
მითოსი მთაში ბევრად სიცოცხლისუნარიანია და უფრო მეტხანს განაგრძობს არსებობას ყოველდღიურობაში, ვიდრე ეს ბარში ხდება. ჯადოსნური ზღაპარი, რომელიც თავისი ბუნებით არასაკრალური და პროფანულია, მძლავრად მკვიდრდება იმ საზოგადოების ფოლკლორში, სადაც მითოსი ჯერ კიდევ ცოცხალია.
ელენე გოგიაშვილი: მითოსი და ზღაპარი აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის რეგიონებში. კრებულში ქართველური მემკვიდრეობა, VIII. ქუთაისი: „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2004. გვ. 80-85.
Comments
Post a Comment