ზებუნებრივ არსებასთან ქორწინების ზღაპრული მოტივის უძველესი ლიტერატურული ვერსია: ამურისა და ფსიქეას ამბავი
უძველესი ფიქსირებული ტექსტი, რომელიც ზებუნებრივ არსებასთან ქორწინებაზე მოგვითხრობს და ზღაპართა საერთაშორისო საძიებლის მიხედვით ATU 425-ს ტიპს განეკუთვნება, არის აპულეუსის “მეტამორფოზებში” (დაახლ. ახ. წ. 125 წ.) ჩართული “ამურისა და ფსიქეას” ამბავი.
ფრანსუა ჟერარი (1770-1837).
ამური და ფსიქეა
ერთ სამეფოში მეფე-დედოფალს სამი ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი ქალიშვილი ფსიქეა ისეთი მშვენიერი იყო, რომ ხალხმა ქალღმერთად შერაცხა. ამან განარისხა ქალღმერთი ვენერა და თავის ვაჟს, კუპიდონს დაავალა, ფსიქეასთვის ვინმე უღირსი კაცი შეეყვარებინა. კუპიდონს ფსიქეა თავად შეუყვარდა, თავის სასახლეში წაიყვანა და ცოლად შეირთო. კუპიდონი ყოველ ღამით მოფრინავდა თავის ცოლთან და დილით ისევ ტოვებდა. ფსიქეას მისი სახე ჯერ არ ენახა. კუპიდონმა გააფრთხილა ფსიქეა, არ დაეჯერებინა თავისი დებისთვის, თუ ისინი რჩევას მისცემდნენ, თორემ მეუღლეს სამუდამოდ დაკარგავდა. დებმა ფსიქეა მაინც დაარწმუნეს, რომ მასთან საზარელი შხამიანი ურჩხული წვებოდა. ფსიქეამ დებს დაუჯერა და ღამით, ქმარს რომ ჩაეძინა, წინასწარ მომზადებული ბასრი მახვილი და სანათი აიღო და სარეცელი გაანათა. ფსიქეა ქმრის მიმართ სიყვარულით აივსო, ამ დროს სანათურიდან ზეთი დაეწვეთა კუპიდონის მხარს და დასწვა. კუპიდონს გამოეღვიძა და გაფრინდა. ფსიქეა დაედევნა და ხანგრძლივი და მძიმე თავგადასავლების შემდეგ მივიდა ვენერასთან, რომელმაც ოთხი რთული დავალება მისცა. პირველი დავალება ერთმანეთში არეული სხვადასხვა მარცვლის დახარისხება იყო, მეორე _ საძოვრებიდან ოქროს მატყლის მოპოვება, მესამე – კლდიდან შავი წყლის მოტანა, მეოთხე კი ქვესკნელში ჩასვლა და პროზერპინასგან ვენერასთვის სილამაზის წამოღება. სამი დავალების შესრულებაში ფსიქეას ჭიანჭველები, ლერწამი და არწივი დაეხმარნენ, მეოთხეჯერ კი კუპიდონმა იხსნა, რომელმაც ვეღარ გაძლო ცოლის უნახაობით და მასთან დაბრუნდა. ბოლოს კუპიდონი და ფსიქეა იუპიტერმა დალოცა – ფსიქეას უკვდავება მიანიჭა და შეყვარებულები სამუდამოდ შეუღლდნენ. მათი ქორწინების შედეგად დაიბადა ქალღმერთი ვოლუპტასი (განცხრომა).
იოჰან ჰაინრიხ ფიუსლი (1741-1825)
ამური და ფსიქეა
აპულეუსის “ამურისა და ფსიქეას ამბის” ფოლკლორული წყაროსა და პარალელების შესახებ არაერთი გამოკვლევა არსებობს. 1000-ზე მეტი ვარიანტის დაწვრილებითი ანალიზისა და მათი 14 სუბ-ტიპის მიხედვით კლასიფიკაციის მიხედვით შვედი ფოლკლორისტი იან ოვინდ სვანი მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი მოტივები მთელ ინდოევროპულ კულტურულ არეალშია გავრცელებული, ხოლო ყველაზე ძველი ფორმით შენარჩუნებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთით, კერძოდ, სამხრეთ იტალიაში, სიცილიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. ბერძენი მეცნიერი გიორგიოს მეგასი მრავალრიცხოვან ბერძნულ ფოლკლორულ მასალაზე დაყრდნობით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ინდოევროპულ კულტურის წრეში ამ ზღაპრის უძველესი ფორმა ბერძნულია და მისი კვალი მიკენურ ეპოქამდე მიდის. მოგვიანებით, 1980-იან წლებში ი.-ო. სვანი კვლავ დაუბრუნდა ATU 425-ს ტიპის გამოკვლევას და განაცხადა, რომ ისტორიულ-შედარებითი მეთოდი ვერ მოიტანს შედეგს, თუ მეცნიერები არ გაითვალისწინებენ არაევროპელ უდამწერლობო ხალხთა ფოლკლორს და მხოლოდ ლიტერატურული წყაროს ძიებაზე იქნებიან ორიენტირებული.
უილიამ ადოლფ ბუგერო (1825-1905)
პირველი კოცნა. ამური და ფსიქეა
არაევროპული ფოლკლორული მასალის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ მისი განსხვავება ევროპულთან არც ისე დიდია. წმინდა ფუნქციონალისტური ასპექტების გვერდით ამ კულტურებს შეუძლიათ თავისი გამოცდილება დაგვანახონ, მაგალითად, ის, რომ თხრობითი ტრადიციის არსებობა გარდაუვალი ფაქტია როგორც მწიგნობრულ, ისე უდამწერლობო საზოგადოებებში. ი.-ო. სვანის მართებული შენიშვნით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ ანტიკური ხანის ზეპირ ტრადიციებზე, მაგრამ თანამედროვე უდამწერლობო ხალხების ზღაპრები, თქმულებები და მითები უტყუარ ფაქტებს წარმოადგენენ, რომელთა მეშვეობით ტრადიციის სტაბილურობას ვხედავთ ისტორიულ ასპექტში.
ჯაკოპო ზუკი (1540-1596)
ამური და ფსიქეა
ლიტერატურული ტრადიციების გავლენა ზეპირსიტყვიერ ჟანრებზე საკმაოდ ხშირია, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დადგენა, რომელი ტექსტები მომდინარეობენ ლიტერატურული წყაროდან. მე-17-18 საუკუნეებში ევროპულ ფოლკლორზე დიდი გავლენა იქონიეს იტალიურმა და ფრანგულმა საზღაპრო კრებულებმა, მაგრამ წიგნიერი გზის პარალელურად თხრობის ტრადიცია ისევ ცოცხალი იყო. თუნდაც მარტო ევროპაში გავრცელებული ზღაპრების მიხედვით ვიმსჯელოთ, ATU 425 ტიპის პირველწყარო მაინც არ არის მხოლოდ ლიტერატურული. სკანდინავიაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, კავკასიაში შეკრებილი მრავალრიცხოვანი ტექსტები ადასტურებენ, რომ ისინი ლიტერატურული ტრადიციისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ საზოგადოებაში.
ანტონიო კანოვა (1757-1822)
ამური და ფსიქეა
წყარო:
ელენე გოგიაშვილი: ზებუნებრივ არსებასთან ქორწინების უძველესი მოტივი ზღაპარში, - სჯანი. ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში. 2011/12. გვ. 209-217.
Comments
Post a Comment