ქართული ზღაპრების ახალი გერმანული თარგმანი



ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფოლკლორის მიმართ არაერთგზის გამოვლინდა მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნების სახით: ამირანის ეპოსი (1978), ქართული ზღაპრები (1963, 1980, 1995),  ქართული თქმულებები (1984), ქართული თქმულებები და ლეგენდები (1998), სვანური ზღაპრები (1992), ლაზური ზღაპრები (1995), მეგრული თქმულებები (1997), ქართული მითოლოგიის ლექსიკონი (1999) და სხვა. „ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები“  ჰაინც ფენრიხის კიდევ ერთი კრებულია ქართული ხალხური ზღაპრებისა გერმანულ ენაზე. მასში თავმოყრილია ას სამოცდაათზე მეტი ზღაპარი ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური საზღაპრო რეპერტუარიდან - ჯადოსნური, ნოველისტური და ცხოველთა ზღაპრები. კრებულს დართული აქვს სრული სამეცნიერო აპარატი: ბოლოსიტყვაობა, სიტყვათა განმარტებები და ბიბლიოგრაფია.
ჰაინც ფენრიხის მიერ გამოცემული „ქართველთა ზღაპრები“ მნიშვნელოვანი გამოცემაა არა მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებისათვის, არამედ ზოგადად ფოლკლორისტიკისა და კულტუროლოგიური მეცნიერებისთვის, მით უფრო რომ ამ მიმართულებით კრებულში ფართო ასპარეზია გადაშლილი: მკითხველი ხალხური ზღაპრების მეშვეობით ეცნობა ქართველთა ისტორიას, კულტურას, ყოველდღიურ ყოფას, წეს-ჩვეულებებს, რწმენა-წარმოდგენებს, მახვილგონიერებასა და ხალხურ სიბრძნეს.

წყარო:
Hinter neun Bergen. Märchen der Kartwelier. Übersetzt und herausgegeben von Heinz Fähnrich. Buchverlag König, Greiz/Thür, 2011.

Comments