კანიბალიზმი ზღაპრებში


ფოლკლორისტიკასა და ეთნოლოგიაში კანიბალიზმის მხატვრულად ასახვის საკითხის მეცნიერულ შესწავლას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ხშირია დისკუსიები ზღაპრებში სისასტიკის არსებობის გამო სხვა სამეცნიერო სფეროების  წარმომადგენელთა წრეებშიც

 
მხატვარი: კაი რასმუს ნილსენი

1970-80-იან წლებში ევროპა ერთი მხრივ ანტი-ზღაპრის განწყობამდე – „ბოროტება მოდის საბავშვო წიგნებიდან“ (Gmelin, O. F.: Böses kommt aus Kinderbüchern. München 1972; Mallet, K.-H.: Kopf ab! Gewalt im Märchen. Hamburg/Zürich 1985), მეორე მხრივ ზღაპრის ხელახალ აღმოჩენამდე მივიდაბავშვებს ზღაპრები სჭირდებათ“ (Bettelheim, B.: Kinder brauchen Märchen. Stuttgart 1977). 

მხატვარი: არტურ რეკჰემი

 ძმები გრიმების კრებულის კრიტიკა არასპეციალისტების მხრიდან დღემდე არ ცხრება. საბავშვო და საოჯახო ზღაპრებსსაკონცენტრაციო ბანაკებზე პასუხისმგებლობაც კი დააკისრეს. უახლოესი წარსულისა და თანამედროვე გამოცდილებამ ამ საკითხზე მეტად მგრძნობიარე გახადა ევროპელი საზოგადოება და დაავიწყა, რომ სისასტიკე მხოლოდ გრიმების ზღაპრებში არ გვხვდება.

 მხატვარი: ვალტერ კრეინი

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სისასტიკის ასახვას ზღაპრებში არა მარტო ფსიქოლოგიური და პედაგოგიური, არამედ ლიტერატურულ-სტილისტური და სოციალური საფუძველი აქვს. ასეა ხალხურ ზღაპრებშიც.
ზღაპრებში ასახული უამრავი მოვლენა მაგიურ წარმოდგენებსა და რიტუალურ ქმედებებს უკავშირდება. ადამიანის მსხვერპლშეწირვის ელემენტები სავარაუდოდ ამგვარი წეს-ჩვეულების ანარეკლს შეიცავს. სისხლიანი მსხვერპლის მაგალითები უხვადაა ხალხურ ზღაპრებში, განსაკუთრებით იმ ტიპის ტექსტებში, სადაც უდანაშაულო სისხლი გმირის გაცოცხლების ერთადერთი გზაა. ზღაპრული და მითოსური მოტივები გვამის დანაწევრების, ძვლის მოხარშვისა  და სხვათა შესახებ სამონადირეო წეს-ჩვეულებების შემადგენელი ნაწილია. ზღაპრული ზებუნებრივი არსებები (კუდიანი დედაბრები, დევები, ჯადოქრები, ეშმაკები) რომ კაცის ხორცს ჭამენ, ამას მაგიური კანიბალიზმის სახე აქვს და მაქციობის რწმენის უძველეს შრეს ასახავს. ფოლკლორში ეს მოტივები დაკავშირებულია როგორც სამონადირეო ტრადიციებთან, ასევე მოკვდავ და აღდგენად ღვთაებების მითოსთან (დაწვრილებით იხ. ირაკლი სურგულაძის სტატიები გაცოცხლების იდეა ქართულ მითოსში და მისი რეალიზაციის ისტორიული ფორმებიდა ნებითი მსხვერპლი ქართულ მითოსსა და რიტუალში. მისი კულტურულ-ისტორიული ასპექტებიკრებულში . სურგულაძე: მითოსი. კულტი. რიტუალი საქართველოში. თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2003).


მხატვარი: არტურ რეკჰემი


მოტივები, რომლებსაც მითოსურ სიუჟეტში სემანტიკური მნიშვნელობა აქვთ, ახლებური მნიშვნელობით იტვირთებიან ყოველ ახალ კულტურულ-ისტორიულ და რელიგიურ გარემოში. კანიბალიზმი ზღაპარში არ შეიძლება დღევანდელობის ან თუნდაც მე-19 საუკუნის კონტექსტში განვიხილოთ. ამ მოტივებს მრავალმხრივი კავშირი აქვს ისტორიულად არსებულ რწმენა-წარმოდგენებთან და ისინი მუდმივად ისტორიულ ასპექტთან უნდა იყოს შეფარდებული. სისასტიკე ზღაპარში სტრუქტურულ პირობითობას წარმოადგენს. სისასტიკეს ზღაპრის თხრობაში ტექნიკურ-ეპიკური ფუნქცია აკისრია როგორც დაძაბულობის ელემენტს. ადამიანის მსხვერპლს ზღაპარი ხედავს როგორც თხრობით გამოწვეულ აუცილებლობას. გმირის მსხვერპლი არის არა ტრაგიკული სინამდვილე, არამედ მხოლოდ ხიფათი.

 მხატვარი: გუსტავ ტენგრენი

სხვა ჟანრებში (არა მარტო ფოლკლორულში) სისასტიკე არანაკლებ როლს თამაშობს ჟანრის სპეციფიკისთვის. აგიოგრაფიული ლიტერატურა სასტიკი წამების მოტივთა მდიდარ რეპერტუარს შეიცავს. მარტვილობები მე-15-16 სს. კათოლიკურ კედლის მხატვრობაში რეალისტურად არის ვიზუალიზირებული. აგიოგრაფიულ მოთხრობებში ისევე როგორც ზღაპრებში სისასტიკის რეალისტური ასახვა თხრობითი ფუნქციის მატარებელია.

Comments