ტყვეი და ბზისუნახავი (გურული ზღაპარი)


დიდი ჩხუბის დროს ავსტრიის ფრონტზე რომ დარიგება მოხთა, ერთი ქართველი კაცი ქე ჩუუვარდა ხელჩი თათრეფს. სა არ ათრიეს თათრებმა საწყალი ტყვეი. ბოლოს რავარც იქნა, წეიყვანეს თავის სახენწიფოში და ნეფის კარის კაცათ დააყენეს. მსახურობდა ტყვეი კას ხანს იქინე. ბეური იმწვალა, ეგება გევიქცე აქიდანო, მარავინ გუუშობდა ყარაულები ხავდა დაყენებული თავზე.
ამ ხენწიფეს ხავდა ბზისუნახავი ქალიშვილი. ტყვემა საცხა მოქრა იმას თვალი და ხელათ შუუყვარდა. ბზისუნახავსაც მიეწონა ბიჭი; ღამღამობით იბარებდა მასან და დროს ატარებდნე. პაწა ხანში აი ქე გეიგო ხენწიფემ, ამრა არ გამჯავრდა. ერ დღეს დეიბარა სასიძო და უთხრა: "თუ შენ ჩემი ქალი გიყვარს, საცდა გაიდონაი და ბულბული გალოფს დეიჭირე და აქანაი მომგვარე და ჩემ შვილს მოგათხუეფო".
გურჯისტანმა (ამ კაც აი სახელი დაათქვა ხენწიფემ) იშონა სამი ძმაკაცი, გადიკიდა ფხარზე მისი თოფ-იარაღი და გუუდგენ გზას.
სამი თვეი, სამი კვირე და სამი დღეი იარეს. ბოლოს მიადგენ ერ სამპოტიკ გზას. ერ გზაზე წერია: "გზა კეთილიაო", მიორეზე: "გზა ბრუნდიო", და მესამე გზაზე კი: "წევიდეს და არ დაბრუნდესო". ძმაკაცებმა გეიყვნენ. გურჯისტანი გულიანი ბიჭი იყო და ეიღო იი გზაი, რომელცხას ეწერა "წევიდეს და არ დაბრუნდესო". მივა, მივა და დეინახა ერთი უშველებელი სახლი. ამ სახს გარედან აწერია: - "შეხვალ ინანეფ, არ შეხვალ ინანეფო". გურჯისტანმა მაინც შევიდა სახში. ნახა რომე აქანაი არის ბზისუნახავი ციცაი, მარა მასან ახლოს მიკარება არ შეიძლება. გურჯისტანმა მაინც იფიქრა: მოი, მივალ, გავშინჯავ ვინაა ან რა უნდა აქანაიო. მარა დიესია ბზიკებმა და კაღამ დაშჭამეს საწყალი.
წევიდა გურჯისტანმა ისოვლე იქიდან. სამი დღეი და ღამე იარა და ბეური გაჭივრება გამეიარა გზაში. ბოლოს გევიდა ერ გათაღარებულ მინდორში. გეიხედა, რომე სამი დევი ურტყამენ ერთმანეთს ცხვირპირში. მივიდა იგინთან გურჯისტანმა და ქითხა:
- ძმანებო, რა წეგიკიდენ, რა გაჩხუბებენო.
დევებმა გაჩერდენ და რომ დაინახეს გურჯისტანი უპატიოსნო კაცი არ იყო, უთხრენ:
- ჩვენ იმიზა ვიშლებით, რომევო, გვაქვს ერთი ნოხი, რომელიცო საცხა გინდა იქინე გაგაფრენს ზეთ თუ დააჟდებიო, გვაქვს კიდო ქუდიო, რომელსაც რავარც დეიხურავ უჩინოთ იქცევიო, გვაქვს კიდო მათრახიო, რომელსაც რასაც კი დაარტყამ შვაზე გაარიგებს, აგინი ვერ გაგვიყვია ერთქამეჩი და ამიზა ვჩხუბობთ, ქენი კაცობა მოგვეხმარე გაყოფაშიო, - შიეხვეწენ დევებმა გურჯისტანს.
გურჯისტანმა გადმეიღო შვილდისარი, გეისროლა და უთხრა დევეფს:
- გეიქეცით და რომელიც მიასროფს ამ ისართან, იმას დარჩება აგინიო.
დევებმა მართლა გეიქცენ ჯლიგინ-ჯლიგინით, გურჯისტანმა კი დაჟდა ლამაზათ ნოხზე და ქე გაქრა უცფათაი. ნოხმა გურჯისტანი მიიყვანა იმ ქვეყანაში, საცხა ნეფეს მის ქალთან დაყენებული ხავდა გაიდონები და ბულბულები.
ბეური ეწუალა გურჯისტანმა, მარა ვერ შეიძლო სახში შესლა და გაიდონების და ბულბულების მოპარვა. ბოლოს, ჯერე გადიზრო ქუდი და დეიწყო გულოვობა ამ სახენწიფო ქალაქში. რავარც დაღამდა ხელათ დეიხურა ქუდი და გახთა უჩინო. წამეიყვანა გაიდონები და ბულბულები ისთე, რომე აი ანბავი აფერ კაც არ შუუტყვია. წამევიდა გურჯისტანი; ვოთხი თვეი, ვოთხი კვირე და ვოთხი დღეი იარა და მუაწია სამპოტიკ გზაზე. იქინე ნახა, რომე უცთიენ მისი ძმაკაცები. წამეიყვანა იგინიც და მევიდენ სახში. ამის მნახველმა ხენწიფემ კაღამ შეირყა ჭკუაზე. ისე კარ უნდოდა მისი ბზისუნახავის მიცემა ტყვეიზა, მარა ახლა ვარს ხომ ვერ იტყოდა, პირს ხომ არ გეიტეხთა იმხელა კაცი. მიათხუა თავისი ბზისუნახავი ქალი გურჯისტანს. დიდი ქორწილი გადიხადეს. ამ ქორწილში ისე წევიდა საქმე, რომე ხენწიფემ თლათ გაათავისუფლა ტყვეი და მის ბზისუნახავთან ერთად გააგზანა თავის ქვეყანაში. ასე გათავდა აი ზღაპარი.
მთას ურემი გამოვთალე, წამევიდა გორებითო, აქანაი კარქათ ვიცოცხლოთ, საიქიოს ცხონებითო!..

წყარო:
ალ. ღლონტი: გურული ფოლკლორი, I. თბილისი: "თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა", 1937. გვ. 175-176.





Comments