სანაძლეო ქალის ერთგულებაზე გავრცელებული თემაა შუა
საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაში და მეტად პოპულარულია როგორც ევროპულ, ისე აღმოსავლურ
ნოველისტურ ზღაპრებში. ამ სიუჟეტზეა აგებული უილიამ შექსპირის ხუთმოქმედებიანი პიესა
„ციმბელინი“, რომელიც თავისუფალი ინტერპრეტაციაა ორიგინალური ქვე-სიუჟეტებითა და
ისტორიული თემატიკის დრამატიზებით. ზღაპრის სიუჟეტთა საერთაშორისო საძიებელში (The Types of International Folktales) ქალის ერთგულების თემა რეალისტური ზღაპრების კატეგორიაში
შედის და კონკრეტულ ტიპს წარმოადგენს:
ქმარი აქებს თავისი ცოლის პატიოსნებას
და მასზე სანაძლეოს დაუდებს მეგობარს (ბიზნესპარტნიორს, ვაჭარს ან მეტოქეს). მოსყიდული
მსახურის მეშვეობით გმირის მოწინააღმდეგე ცდილობს შეაცდინოს ქალი, საიდუმლოდ შედის
მის ოთახში (ყუთში დამალული). ქალს არ ეკარება, მაგრამ ხედავს მის თანდაყოლილ ნიშანს
მკერდზე (ან მოაქვს რაიმე ნიშანი: ბეჭედი,
ტანსაცმელი) და ამბობს, რომ ქალი შეაცდინა. ქმარი ცოლის მოკვლას უბრძანებს მსახურებს
სახლიდან მიდის. ქალი გაექცევა მკვლელებს და კაცის ტანსაცმელში გადაცმული მოგზაურობს.
ის მოიპოვებს მაღალ თანამდებობას სხვა სამეფო კარზე. იქ ხვდება თავის ქმარს და დაუმტკიცებს
თავის უმწიკვლობას. ზოგ ზღაპრის ვარიანტში ქალი მისდევს თავის ქმარს და ემსახურება
რამდენიმე წლის მანძილზე (კაცის ტანსაცმელში გადაცმული). ბოლოს მატყუარას ამხილებენ
და წყვილი კვლავ შეერთდება.
უდანაშაულოდ ბრალდებული და დევნილი ქალის ამბავი მოტივთა
ის კომპლექსია, რომელიც აერთიანებს ცილისწამებას, დასჯას, სასწაულებრივად გადარჩენას
და შემდგომ რეაბილიტაციას. ამ სიუჟეტის ძირითადი შტრიხები ჯერ კიდევ ძველ ინდურ და
აღმოსავლურ ფოლკლორში გვხვდება და ფართოდ არის გავრცელებული ხალხურ თეატრალურ სანახაობებშიც.
შექსპირის „ციმბელინი“
და ხალხური ზღაპრის ტიპი ATU
882 ხოტბას ასხამს ქალის
ერთგულებასა და პატიოსნებას. ორივეგან, პიესაშიც და ხალხურ ზღაპარშიც ქალის კეთილშობილება
უპირისპირდება კაცის საეჭვო საქციელს - სანაძლეოს. არსებობს ნოველისტური ზღაპრების
სხვა ტიპებიც უდანაშაულოდ ბრალდებული ქალის შესახებ, მაგრამ არსად არ გვხვდება ისეთი
ემანსიპირებული გმირი ქალი, როგორც ATU 882-ში.
ქალი შეუპოვრად იცავს თავის სიმართლეს, ამტკიცებს თავის უმწიკვლობას და ბედნიერებასაც
აღწევს. სიყვარული და ქორწინება ამ სიუჟეტში უმაღლესი ღირებულებისაა. ამ სიუჟეტის ინტენსიური
გავრცელება მთელ ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ
თავად თემა მეტად მიმზიდველი იყო მთხრობელისთვისაც და მსმენელისთვისაც. პასიური პერსონაჟი,
რომელიც თავიდან მსხვერპლის როლში აღმოჩნდება, გამოავლენს აქტიურ პერსონაჟად გარდასახვის
უნარს და თავის თავშივე პოულობს ძალას გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის.
ფრაგმენტები ელენე გოგიაშვილის სტატიიდან "ერთგულების გამოცდა: უილიამ შექსპირის „ციმბელინი“ და ნოველისტური ზღაპრის საერთაშორისო სიუჟეტი ATU 882". დაბეჭდილია წიგნში: შექსპირის სამყარო, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის კრებული, თბილისი
2013, გვ. 83-92.
Comments
Post a Comment