ფოლკლორისტიკის ისტორიის ყველა ეტაპზე
მკვლევართა ყურადღების ცენტრში მუდმივად იდგა საკითხი ზეპირ სიუჟეტთა საერთაშორისო
გავრცელების, მსგავსებისა და კულტურული კონტაქტების შესახებ.
ფოლკლორის მეცნიერული კვლევა კონკრეტულ
სოციალურ ფენაზე ფოკუსირებით დაიწყო - სოფლის მოსახლეობაზე. ტერმინი „ფოლკლორი“ შემდგომშიც
ამ სოციალური პოზიციის აღნიშვნით იყო შემოფარგლული. დღესდღეობით ფოლკლორისტები
გადაჭრით ცდილობენ, თანამედროვე საზოგადოება მთელი თავისი მრავალფეროვნების
გათვალისწინებით შეისწავლონ და არა რომელიმე კლასზე კონცენტრირებით.
თანამედროვე კვლევებში გამოიკვეთება
რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელთაგან ზოგს ხანგრძლივი ისტორია აქვს, ზოგი -
შედარებით ახალია, მაგრამ ყველა მათგანი ფოლკლორის კულტურულ გარემოსთან მიმართების
შესწავლას გულისხმობს.
ისტორიულ-კომპარატივისტული ფოლკლორისტიკა
ფოლკლორის შედარებით-ისტორიული მეთოდებით
შესწავლა გულისხმობს კულტურული ფორმების განვითარების ისტორიას გარკვეული
მოდელების (ჟანრი, ფაბულა და სხვ.) ჩარჩოებში. მიუხედავად ფართოდ გაშლილი
კვლევებისა, ეს მეთოდი ნაწილობრივ კრიტიკულად არის შეფასებული თანამედროვე
სპეციალურ ლიტერატურაში, კერძოდ, სიუჟეტურ ტიპთა საერთაშორისო კატალოგის ძველი
გამოცემის (აარნე-თომპსონი 1961) მიმართ კრიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს
მოიცავს:
- კატალოგი მთლიანად კონცენტრირებული იყო მე-19 საუკუნის ზეპირ გადმოცემებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ამ გადმოცემების უფრო ძველ ფიქსირებულ ვარიანტებს, ხოლო ლიტერატურულ წყაროებს მეორეულ წარმონაქმნად მიიჩნევდა.
- საძიებელში შესული იყო უმეტესად ევროპული და დასავლეთ აზიის იმ ქვეყნების ფოლკლორი, რომლებსაც ევროპელები იცნობდნენ. გარდა ამისა, ევროპული მასალა არათანაბრად იყო მოხმობილი; ნაწილობრივ არეული იყო კოდები და უამრავი მონაცემი არ იყო ზუსტი. აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ზეპირსიტყვიერება თითქმის არ იყო გათვალისწინებული კატალოგში. მცირე ეთნიკური ჯგუფების ფოლკლორი არ იყო ან საკმარისად არ იყო აღწერილი (ბასკური, ფრიზული და სხვა).
- კატალოგში მოხმობილი იყო ტრადიციული კრებულები და თითქმის არ იყო გამოყენებული ახალი გამოცემები (უთერი 2004: 7-8).
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი
ნაკლოვანებებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოლკლორული ნიმუშების დოკუმენტაცია
ბევრ ქვეყანაში, ეთნიკურ და ენობრივ რეგიონებში ერთდროულად არ მიმდინარეობდა. აქვე
უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო კატალოგში უმეტეს ნაწილს ევროპული
მასალა შეადგენდა. ამიტომ ეს მდგომარეობა იდეოლოგიურ ეთნოცენტრიზმად არ უნდა
წარმოვიდგინოთ. ბევრმა ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო თავისი ფოლკლორის
სისტემატიზირებული დამუშავება.
დღესდღეობით
ფოლკლორულ სიუჟეტთა საერთაშორისო კატალოგი “The Types of
International Folktales” საშუალებას აძლევს ნებისმიერ სამეცნიერო მიმართულებას,
ხალხური სიტყვიერება მისთვის შესაბამისი მეთოდით იკვლიოს. გერმანელმა მეცნიერმა
ჰანს-იორგ უთერმა განაახლა და წარმოადგინა ხალხური თხრობითი ჟანრების ტიპების
სრული აღწერა და კვლევის შედეგები. კატალოგში შესულია როგორც საერთაშორისო
სიუჟეტების დიდი რაოდენობა, ასევე ცალკეული მონოგრაფიები თხრობით ჟანრთა ტიპებზე.
საძიებელი საგულდაგულოდ შევსებულია და გათვალისწინებულია დღემდე არსებული ყველა
მოტივთა თუ ტიპების კატალოგების მონაცემები.
ATU კატალოგში (ამ შემოკლებით შევიდა ის სამეცნიერო მიმოქცევაში) ყოველ სიუჟეტურ ტიპს
აქვს ნომერი, სახელწოდება და გადმოცემულია შინაარსი. ეს კონცეფცია თხრობითი ჟანრის
ტიპს გაიაზრებს, როგორც “მოხეტიალეს”. ამით აღინიშნება არა როგორც ფიზიკური
სიდიდე ანდა წარსულის მკვდარი მასალა, არამედ პირიქით: სიუჟეტური ტიპი
განსაზღვრულია თავისი დიდი დინამიკით და ადაპტაციის უნარით _
ტიპს შეუძლია სხვა თემატურ და შუალედურ კომპონენტებთან ინტეგრაცია. სიუჟეტის
აღწერილობის გარდა საძიებელში მითითებულია გეოგრაფიული გავრცელება:
დოკუმენტირებულია მოცემული რეგიონების, ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების სიუჟეტურ
ტიპთა და მოტივთა კატალოგები. აქ დასახელებულია ის ახალი კრებულები, რომლებიც
ძველი კატალოგის გამოცემის შემდეგ გამოქვეყნდა. ამის გარდა ეს რეგიონალური
კატალოგები შეიცავენ მდიდარ ინფორმაციას მოცემული რეგიონების შესახებ.
ამდენად, ფოლკლორულ სიუჟეტთა
საერთაშორისო კატალოგი არა მარტო ისტორიულ-კომპარატივისტულად ორიენტირებული
ფოლკლორისტიკისათვის არის მნიშვნელოვანი გამოცემა, არამედ ყოველგვარი ხალხური
გადმოცემის ფართო მასშტაბით კვლევისათვის, მათ შორის, შესრულების ტრადიციის
მკვლევართათვის.
პერფორმანსის კვლევა
კონტექსტისა და შესრულების ტრადიციის
კვლევა ფოლკლორისტიკაში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აქტიურად წარიმართა (დეგი
1992; დორსონი 1972; აბრაჰამსი 1992; გარაყანიძე 2007; გარაყანიძე 2010 და სხვ.).
პერფორმანსზე დაკვირვება, ხალხური შემოქმედების ნიმუშის შესწავლა ყოფასთან მჭიდრო კავშირში
დღემდე აქტუალურია ფოლკლორისტიკაში. პერფორმანსი არის კომპლექსური მოქმედება,
რომლის მეშვეობითაც მხატვრული ნაწარმოები ერთდროულად გადმოცემულიც არის და
აღქმულიც. მოლაპარაკე, მსმენელი და გარემოება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია.
პერფორმანსში ერთმანეთს კვეთს საზოგადოებრივი კომუნიკაციის ორივე განშტოება: ის,
რაც მოლაპარაკეს მსმენელთან აკავშირებს და ის, რომელიც სიტუაციას და ტრადიციას
აერთიანებს.
პერფორმანსი ლოგიკურად ასახავს რამდენიმე
კრიტიკულ პუნქტს. ენათმეცნიერი პოლ ზუმტორი ლექსის არსებობის ხუთ ფაზას გამოყოფდა:
1) პროდუქცია, 2) გადმოცემა, 3) მითვისება, 4) შენახვა, 5) განმეორება. მის წიგნში
„ზეპირსიტყვიერების
შესავალი“ ლიტერატურული და ზეპირი ტრადიციები პარალელურად არის შესწავლილი. მისი აზრით,
ხალხური ნაწარმოების პერფორმანსი შეიცავს მეორე და მესამე ფაზას, იმპროვიზაციის
შემთხვევაში – პირველს, მეორეს და მესამეს. ყველა საზოგადოებაში, რომელსაც კი დამწერლობა
აქვს, ამ ხუთი ოპერაციიდან ყოველი მათგანი ან ხმითა და სმენით აღწევს სრულყოფას,
ან ვიზუალურად დაფიქსირებით (ზუმტორი 1990: 23-25).
პერფორმანსის კვლევა ფოლკლორისტიკაში იმ
პრინციპს ეფუძნება, რომ ზეპირსიტყვიერებისა და დამწერლობის სახით ერთმანეთის
საპირისპიროდ ცივილიზაციის ორი ტიპი დგას. მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხს
სწავლობენ, ცდილობენ, ზეპირი მეტყველებისა და დამწერლობის დიხოტომია მხოლოდ ერთ
განზოგადებულ სფეროში აიყვანონ. მათი კონტრასტული ნიშნების თანახმად აღიარებულია,
რომ ისინი არა შესადარებელი არამედ დასაპირისპირებელია, ერთ შემთხვევაში
მხედველობასთან კავშირში, მეორეში – სმენაზე. ამის გარდა, პრაქტიკაში შესუსტებული ეს
საპირისპირო ნიშნები უფრო კატეგორიულ სახეობად რჩებიან, ვიდრე ისტორიულად: ყოველ
ეპოქაში ერთმანეთის პარალელურად არსებობენ და მუშაობენ „ზეპირი მეტყველების
ადამიანები“ და „დამწერლობის ადამიანები“ (ზუმტორი 1990: 32).
შესრულების ტრადიციის მკვლევარი
ფოლკლორისტებისთვის ყველაზე შესაფერისი სახელი „კონტექსტუალისტები“ აღმოჩნდა,
რადგან ისინი ყურადღებას აქცევენ პერფორმანსის სიტუაციის ფაქტორებს. ეს ფაქტორები
თავისთავად სპეციფიკურ კულტურულ პირობებში მიმდინარე პროცესების ნაწილია,
რომლებშიც ზეპირსიტყვიერი ნიმუშები იქმნება. ერთია ტრადიციის მატარებელი, მაგრამ
მის გარდა კიდევ უამრავი ფაქტორია კულტურულ გარემოში, სადაც ზეპირსიტყვიერების
შესრულების ტრადიცია განსჯას მოითხოვს. ეს ფაქტორები შეადგენენ საკომუნიკაციო
ჯგუფის წევრთა ყოველდღიური ცხოვრების აღჭურვილობას, ფაქტორები, რომლებიც ტექსტებში
ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი.
სტრუქტურალიზმი
ფოლკლორული ტექსტის სტრუქტურული შესწავლა
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ვლადიმერ პროპმა (პროპი 1984).
მისმა „ზღაპრის
მორფოლოგიამ“ ფოლკლორისტიკის მთელი მომავალი განსაზღვრა და დღემდე აქტუალურ წიგნს
წარმოადგენს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ვ. პროპის ნაშრომი წინ უსწრებდა
სტრუქტურალიზმს როგორც სამეცნიერო მიმდინარეობას, მაგრამ 60-იანი წლებიდან
სტრუქტურალიზმი ლინგვისტიკის გავლენითაც შეიჭრა ფოლკლორისტიკაში. მე-20 საუკუნის
70-იან წლებში ევროპულ და ამერიკულ ფოლკლორისტიკაში განსაკუთრებით პოპულარული იყო „ლინგვისტური
მიმართულება“ - სტრუქტურალიზმი, რომლის მიხედვითაც კულტურის ყოველი კომპონენტის ანალიზი
ისე ხდება, თითქოს ის ენა იყოს.
სტრუქტურალიზმის მიხედვით ადამიანი
მოიაზრებოდა როგორც ენისა და სიმბოლოების მწარმოებელი მანქანა, ხოლო მისი ყოველი
მოქმედება - როგორც საკომუნიკაციო სისტემის ნაწილი. კულტურა გამოსახული იყო როგორც
ინფორმაციის მატარებელი დინამიკური სისტემა. ინდივიდები თავიანთი ადამიანურობის
დემონსტრირებას ახდენდნენ თავისი შესაძლებლობების მეშვეობით. ფოლკლორისტიკამ და
ფოლკლორისტმა მცირე ჯგუფმა ამ ისტორიული მომენტისთვის ორიენტაცია შეცვალა
მეხსიერების კვლევაზე ზეპირად გადმოცემული ტექსტის ანალიზის მეშვეობით და
ფოკუსირება გააკეთა ექსპრესიული ინტერაქტივის ესთეტიკაზე. ტექსტები უნდა
შესწავლილიყო კომუნიკაციის ფართო, კულტურულ-სპეციფიკური სისტემის კონტექსტში.
მიუხედავად ტექსტის კვლევაზე
ორიენტაციისა, სტრუქტურალიზმი ფოლკლორისტიკაში მჭიდროდ უკავშირდება კულტურულ
გარემოს. სოციოლინგვისტურმა მეთოდმა არა მხოლოდ თავისი მომხიბვლელობის გამო
შეაღწია ფოლკლორისტიკაში, არამედ იმიტომაც, რომ ის უფრო შეესაბამებოდა რიგ
მეცნიერთა პოლიტიკას იმ ისტორიულ პერიოდში. შეერთებულ შტატებში ბევრი მეცნიერი,
ვინც ფოლკლორის სფერო აირჩია, კონკრეტული ხალხის ვალდებულებებს იღებდა,
იდენტიფიკაციას ახდენდა ხალხთან მარგინალური ან უმცირესობის სტატუსით (დანდესი
1965: 206). ფოლკლორისტიკა მიმართული იყო იმ ჯგუფთა ექსპრესიული სისტემების
აღმოჩენისკენ, რომელთაც არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით შავკანიანებსა
და ლათინო-ამერიკელებს (აბრაჰამსი 1990: 34).
კვლევის ეს სფეროები ფოლკლორისტიკაში -
ისტორიულ-შედარებითი მეთოდით მუშაობა, პერფორმანსის კვლევა და სტრუქტურული
ტიპოლოგია - ერთმანეთს არ გამორიცხავენ, არამედ უფრო ნათელს ხდიან ფოლკლორის
შესწავლის მნიშვნელობას კულტურული გლობალიზაციის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ
პერფორმანსის კვლევა ფოლკლორული მასალის აქტუალური მდგომარეობისა და გარემოს
შესწავლას გულისხმობს, ეს ძველი მეთოდების გადაფასებას არ ნიშნავს.
კონტექსტუალისტები არ ცდილობენ ფოლკლორისტული მეთოდების გადაფასებას, არამედ მათ
განახლებას და კრიტიკულ მიდგომას სოციალური, ლიტერატურული და ლინგვისტური ანალიზის
ალტერნატიული მოდელებით. კვლევის ცენტრში ექცევა იმ ფორმათა შესწავლა, რომლებიც
თანამედროვე კონტექსტებში ჩნდება. Fფოლკლორის შედარებით-ისტორიული მეთოდით კვლევის მიზანია,
სრულად და დახვეწილად გაიაზროს ის გზები, თუ როგორ მუშაობს ცოდნის ზეპირი
კომუნიკაციები ზოგადად და სპეციფიკურ კულტურულ სიტუაციებში. ამ მხრივ კი შესაძლებელია
ხალხური შემოქმედების ნიმუშებისა და ჟანრების განვითარების ეტაპების დადგენაც, თუ
როგორ მოაღწიეს მათ დღევანდლამდე და კვლავ არსებობენ.
ლიტერატურა
აარნე... 1961: Aarne, A.
and Thompson, S. The Types of the
Folktale. A Classification and Bibliography. Second Revizion. Helsinki:
Academia Scientiarum Fennica, 1961.
აბრაჰამსი
1992: Abrahams, R.
D. The past in the presence: An overview
of folkloristics in the late 20th century. Folklore Processed.
In Honour of Lauri Honko on his 60th Birthday 6th March
1992. Helsinki 1992.
გარაყანიძე,
2008: გარაყანიძე, გ. ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები. თბილისი: “პეტიტი”,
2008.
გარაყანიძე 2007:
გარაყანიძე, ე. ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა. თბილისი: “ინტელექტი”,
2007.
დანდესი
1965: Dundes, A.
(editor). The Study of Folklore.
Prentice-Hall: Englewood Clifs, 1965.
დეგი
1992: Degh, L. What kind of people tell legends?
Folklore Processed. In Honour of Lauri Honko on his 60th Birthday 6th
March 1992. Helsinki 1992.
დორსონი
1977: Dorson, R. Folklore and Folklife. Chicago:
University of Chicago Press, 1977.
ზუმტორი 1990: Zumthor, P. Einführung in die mündliche Dichtung. Berlin: Akademie-Verlag, 1990.
უთერი
2004: Uther, H. The Types of International Folktales. A
Classification and Bibliography. Based on the System of Antti Aarne and Stith
Thompson. Part 1. Helsinki: Academia Scientiarum Fennica, 2004.
პროპი 1984: პროპი,
ვ. ზღაპრის მორფოლოგია. თბილისი: “მეცნიერება”, 1984.
გამოქვეყნებულია სამეცნიერო კრებულში “ნაციონალური
ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი”. შოთა რუსთაველის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტი, 24-26 სექტემბერი, თბილისი 2014. გვ. 409-914.
Comments
Post a Comment