“მითოლოგიური თეორიიდან” ზღაპართა შედარებითი შესწავლისკენ: არაინდოევროპელ ხალხთა ზღაპრების კვლევა მე-19 საუკუნეში
მე-19 საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი
იყო მსოფლიოს ყველა კუთხეში ზღაპრების არსებობისა და მათი არქაულობის
დამადასტურებელ ნიშანთა აღმოჩენა. როცა იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა სცადეს ამ
მოვლენათა შეფასება, წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ზღაპრები ინდოევროპული
წარმომავლობისა იყვნენ და ინდოევროპელ ხალხთა მითოლოგიის ნაშთებს წარმოადგენდნენ.
ეს მოსაზრება ლოგიკური და დამაჯერებელი ჩანდა იმ დროს, როცა ინდოევროპულ ენათა
ნათესაობა ახალაღმოჩენილი იყო.
![]() |
იაკობ და ვილჰელმ გრიმები |
ჰიპოთეზა, რომ ზღაპრები წარსულის ანარეკლია, დღესაც
ძალაშია, რადგან რიგ ზღაპრებში მართლაც ჩანს სიძველის კვალი. თუმცა ამის შემოწმება
მხოლოდ ზეპირი ტრადიციების მეშვეობით რთულია და მეცნიერები ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ
მონაცემებს მიმართავენ. გარდა ამისა, ზღაპრები მუდმივად კვლავწარმოქმნის
პროცესშია, ბევრი ზღაპარი სწორედ ახალი ეპოქის კუთვნილებაა. ეს ჭეშმარიტება,
ცხადია, ძმებმა გრიმებმაც კარგად იცოდნენ. მათი ინდოევროპული თეორია გულისხმობდა
არა ყველა ზღაპრის, არამედ მხოლოდ ზღაპრის გარკვეული ტიპების, კერძოდ,
ფანტასტიკური ამბების მითებთან მსგავსებას.
![]() |
გრიმების გერმანული მითოლოგიის ტომეული |
ზღაპრების საერთაშორისო გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი
ტრადიციათა ურთიერთსესხებაა, რასაც ძმები გრიმები არ იზიარებდნენ გარდა ცალკეული
შემთხვევებისა. მიუხედავად ამისა, ზღაპართა შესწავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი
იყო, ერთი მხრივ, ინდოევროპელ ხალხთა, მეორე მხრივ კი ხმელთაშუაზღვისპირეთისა და
არაინდოევროპელ ხალხთა თხრობითი ტრადიციების გათვალისწინება.
ევროპაში ქართული ხალხური ზღაპრების კვლევისადმი ინტერესი
გაჩნდა მას შემდეგ, რაც ევროპის ხალხთა მითოსისა და ფოლკლორის შედარებითი ანალიზი
დაიწყო. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში უკვე აქტუალური გახდა ქართული ფოლკლორის
ნიმუშების თარგმნა ევროპულ ენებზე.
ქართული ხალხური ზღაპრები ინგლისურ ენაზე თარგმნა მარჯორი
უორდროპმა, რომელიც 1891-1898 წლებში “ვეფხისტყაოსნის” თარგმანზე მუშაობდა.
![]() |
მარჯორი უორდროპი |
ქართული ზღაპრების
კრებული მ. უორდროპმა ედვარდ ბ. ტაილორს, ანთროპოლოგიის ფუძემდებელს მიუძღვნა, რაც
წიგნის თავფურცელზევე არის წარწერილი: “ეს თარგმანები უღრმესი პატივისცემით
ეძღვნება დოქტორ ედვარდ ბ. ტაილორს, როგორც მოკრძალებული საჩუქარი მისი უდიდესი
ტალანტის თაყვანისცემის ნიშნად”. წინასიტყვაობაში მ. უორდროპი საგანგებოდ აღნიშნავს
ინგლისელი მეცნიერის კონსულტაციის მნიშვნელობას წიგნის გამოცემის საქმეში:
“ხელნაწერი ვაჩვენე დოქტორ ე. ბ. ტაილორს, რომელმაც მითხრა, რომ ამით ბევრი
ფოლკლორისტი დაინტერესდებოდა და მათი გამოქვეყნება მირჩია. ამიტომ, თავს მოვალედ
მივიჩნევ, ეს წიგნი თანამედროვე ანთროპოლოგიური მეცნიერების შემქმნელს მივუძღვნა” (უორდროპი 1894:
VIII).
![]() |
ედვარდ ტაილორი |
მარჯორი უორდროპის მიერ ნათარგმნ ქართული ზღაპრების კრებულს
ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სიტყვები სერ ჯონ მალკოლმის (შოტლანდიელი სამხედრო
პირისა და ისტორიკოსის) “სპარსული ჩანახატების” XVI თავიდან: “მესმის, ჩემო მეგობარო, -
ვთქვი მე, - შენი უყურადღებობა გადიების ზღაპრების მიმართ, რომელთა მეშვეობით ჰაჯი
და მე ერთმანეთს ვართობდით; მაგრამ, მერწმუნე, ვისაც უნდა, კარგად გაიცნოს ხალხი,
არ უნდა უგულვებელჰყოს მათი გადმოცემები თუ ადგილობრივი ცრურწმენები. რაც უფრო
აღმატებული, ხელოვნური ადგილი გიჭირავს საზოგადოებაში, მით უფრო უცხოა შენთვის
ხალხის გრძნობები, რითაც განმსჭვალულია თქმულებები და ზღაპრები”.
ქართული ზღაპრების თარგმნის სურვილი მარჯორი უორდროპს
“ვეფხისტყაოსნის” თარგმანზე მუშაობის დროს გაუჩნდა, როგორც ამას თვითონვე
განმარტავს წინასიტყვაობაში: “რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმის წიგნმა ინტერესი
გამიღვივა კავკასიისა და მისი მამაცი და მშვენიერი მცხოვრებლების მიმართ.
კლასიკური ლიტერატურის, განსაკუთრებით მე-12 საუკუნის დიდი ეპიკოსი პოეტის, შოთა
რუსთაველის შესწავლით ბოლო ორი წელი ინტენსიურად ვიყავი დაკავებული და მსურს, ჩემს
თანამემამულეებს მივცე შესაძლებლობა, გაიზიარონ ის სიამოვნება, რაც მე განვიცადე” (უორდროპი 1894:
VIII). მთარგმნელს სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა ფოლკლორის მნიშვნელობა ამა თუ იმ
ქვეყნის კულტურის შესწავლაში. მარჯორი უორდროპის მიერ ზღაპრების თარგმნა მხოლოდ
“დაძაბული მუშაობისგან განტვირთვის მიზნით” არ იყო, არამედ ქართული კულტურის სრულყოფილად გააზრებისათვის:
“საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე
რეგიონი, ხიდს დებს ინტელექტუალური და ეკონომიკური კონტაქტებისთვის და
სტუდენტებისთვის მდიდარ საკვლევ მასალას იძლევა. ერთი მხრივ, რელიგიურმა და
პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ბიზანტიასთან და, მეორე მხრივ, სპარსეთთან და
თურქეთთან, იბერებს ბევრი რამ შესძინა ქრისტიანობის და ისლამის სახით, მათი
მეშვეობით ბევრი დაკარგული კავშირის აღმოჩენა შეიძლება ლიტერატურასა და ისტორიაში”.
მარჯორი უორდროპს გამოყენებული ჰქონდა შემდეგი წყაროები: 1)
ხალხური ზღაპრები, გამოცემული ლადო აღნიაშვილის მიერ 1891 წელს და 2) მეგრული
ეტიუდები, გამოცემული ალექსანდრე ცაგარლის მიერ სანკტ-პეტერბურგში 1880 წელს.
![]() |
ლადო აღნიაშვილი |
წიგნს ერთვის მთარგმნელის შენიშვნებიც, რომელშიც რამდენიმე ცდას ვხვდებით ზღაპრის
შედარებითი შესწავლისთვის, მაგალითად, პარალელები რუსულ ხალხურ ზღაპრებთან.
მარჯორი უორდროპს კრებულის რედაქტირებაში ივანე მაჩაბელი ეხმარებოდა, რომლის
დამსახურებას მთარგმნელი ხაზგასმით აღნიშნავს: “დასასრულ, დიდ მადლობას მოვახსენებ
თავად ივანე მაჩაბელს თბილისში, შექსპირის ქართველ მთარგმნელს – მისი გულისხმიერი
კორექტურისათვის” (უორდროპი 1894: X).
![]() |
ივანე მაჩაბელი |
1899 წელს ბერლინში გამოქვეყნდა ვოლფგანგ გოლთერისა და
ვლადისლაუს ნერინგის ნარკვევები, რომლებშიც განიხილავდნენ მეგრული ზღაპრის – “სანატრიას” მსგავსებას
“ნიბელუნგების სიმღერასთან” (გოლთერი 1899; ნერინგი 1899). “სანატრიას ზღაპრის” რუსული თარგმანი 1880
წელს პეტერბურგში გამოაქვეყნა ა. ცაგარელმა, ხოლო შემდეგ მარჯორი უორდროპმა
შეიტანა “ქართული ხალხური ზღაპრების” კრებულში. გერმანელი მკვლევრების აზრით, “სანატრიას
ზღაპარში” იყო ორი მოტივი, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით მისდევენ
ზიგფრიდის საგმირო საქმეთა ეპიზოდებს. დასკვნა სხვადასხვაგვარია: ვ. გოლთერს
მიაჩნია, რომ ქართული ზღაპარი გვიანდელია და ეყრდნობა ზიგფრიდის თავგადასავლებს.
ვ. ნერინგი არ გამორიცხავს სიუჟეტების მოარულ ხასიათს და სანატრიას სათავგადასავლო
ეპიზოდების უფრო შორეულ მიმართებებს “ნიბელუნგების სიმღერასთან” (ხინთიბიძე 2003:
187).
ალექსანდრე ცაგარელი |
მითოლოგიური თეორია მე-19 საუკუნის ქართველ მეცნიერთა შორის
არ იყო ბოლომდე გაზიარებული. ამ თეორიას ხშირად მიმართავდნენ, მაგრამ კრიტიკულადაც
უდგებოდნენ. როცა ალექსანდრე ხახანაშვილმა „ქართული სიტყვიერების ნარკვევებში“ ქართული ხალხური ზღაპრებიც განიხილა, ისინი სამ ჯგუფად
დაჰყო: მითოსური, საყოფაცხოვრებო და ცხოველთა ზღაპრები. მან მითოსურ ზღაპართა
ძირითად ნიშნად ფანტასტიკური ელემენტები დაასახელა, საყოფაცხოვრებო
ზღაპრებისთვის – ადამიანის ზნეობრივი
ღირსებები, ხოლო ცხოველთა ეპოსისთვის –
ტოტემისტური რწმენა-წარმოდგენები. მისი ეს კლასიფიკაცია ეყრდნობოდა იმ ეპოქისთვის
აქტუალურ ფოლკლორისტულ კვლევებს. გარდა ამისა, ალ. ხახანაშვილს მოცემული აქვს ცდა
ქართული ზღაპრების ისტორიულ-შედარებითი ანალიზისა ინდოევროპელ ხალხთა ზღაპრებთან
და გამოთქმული აქვს ვარაუდები როგორც „სიუჟეტთა
ხეტიალის“, ისე მითოლოგიურ
თეორიებზე დაყრდნობით. ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიოგრაფიაში ალ. ხახანაშვილის
მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ არაერთი ნაშრომი არსებობს (ჯაგოდნიშვილი
2004; ჩიქოვანი 1960). აღსანიშნავია, რომ ქართული ხალხური ზღაპრების პირველ
კრებულზე, რომელიც ლადო აღნიაშვილმა გამოსცა 1890 წელს, პირველი რეცენზია
ალექსანდრე ხახანაშვილს ეკუთვნის, იმ დროს სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილ
მეცნიერს (ხახანაშვილი 1891).
![]() |
ალექსანდრე ხახანაშვილი |
შედარებითი კვლევებისთვის ქართული ზეპირსიტყვიერი მასალა
გამოყენებულია მე-19 საუკუნის რუსი მეცნიერების, ალექსანდრ ვესელოვსკისა და
ვსევოლოდ მილერის ნაშრომებშიც, რომლებიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის
კულტურულ-ლიტერატურულ ურთიერთობებს „სესხების“ თეორიით ხსნიდნენ, კავკასიას კი განსაკუთრებით საინტერესო
რეგიონად მიიჩნევდნენ ეთნოგრაფიული და ფოლკლორული დაკვირვებებისთვის (ჯაგოდნიშვილი
2004: 497-517).
![]() |
ალექსანდრე ვესელოვსკი |
კავკასიის თემატიკით დაინტერესებული იყო პეტრე უსლარიც,
რუსულ მეცნიერებაში კავკასიისმცოდნეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიჩნეული მკვლევარი,
რომელსაც მითოლოგიური თეორიისა და ინდოევროპული ენათმეცნიერების პოზიციიდან აქვს
დამუშავებული არგონავტების მითი და ამირანის თქმულება. მისი აზრით, ოქროს საწმისის
ქვეყანა არ შეიძლებოდა კოლხეთი ყოფილიყო, რადგან როცა რომაელებმა I-II საუკუნეებში
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხები – ლაზები ნახეს, ისინი
ველურები იყვნენ და არაფერი საერთო არ ჰქონდათ მაღალ კულტურასთან. რაც შეეხება
კავკასიონზე გმირის მიჯაჭვის მოტივს, პ. უსლარის მოსაზრებით, კავკასიური
თქმულებები არ არიან ბერძნულ სამყაროსთან კავშირში.
![]() |
პეტრე უსლარი |
ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ქართული ხალხური ზღაპრებისა
საქართველოში წარიმართა. ქართული საზღაპრო
ეპოსის შესწავლაში მე-19 საუკუნის ქართველ მწერლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით.
![]() |
აკაკი წერეთელი |
აკაკი წერეთლის ფოლკლორისტულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული
ზღაპრების ადგილი განსაზღვრას მსოფლიო საზღაპრო ეპოსში. მის პუბლიცისტურ წერილებში
ბევრ დაკვირვება და თვალსაზრისია გამოთქმული ზღაპრების შესახებ (წერეთელი 1990:
112, 147, 178, 217), რომლებიც “სესხების“ თეორიასა და შედარებით-ისტორიულ მეთოდებს ეყრდნობა.
ანთროპოლოგიური თეორია, კერძოდ კი, ე. ბ. ტაილორის “პირველყოფილი კულტურა“ (ტაილორი 1871) კარგად
იყო ნაცნობი ილია ჭავჭავაძისთვის. მის პუბლიცისტურ წერილებში ხალხური
წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების კვლევის აქტუალობის შესახებ ე. ბ. ტაილორის
ნაშრომი თეორიულ ფონს ქმნიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ილია ჭავჭავაძე
ფოლკლორის მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობას მიიჩნევდა უპირველეს ამოცანად და არა
უბრალოდ შემკრებლობითი მუშაობით გატაცებას: „საჭიროა, რომ ჩვენმა ნასწავლმა
საზოგადოებამ ერთად თავი მოიყაროს, მოილაპარაკოს, ასწონ-დასწონოს ყოველიფერი ამ
საგნის შესახებ და პროგრამა შეადგინოს ხალხის ზნე-ჩვეულებათა შეკრებისა და
შესწავლისათვის. თუ ყველგან ამას მისდევენ, განა ჩვენთვის კი დრო არ არის?“ (ჭავჭავაძე 1987: 162-164).
![]() |
ილია ჭავჭავაძე |
“მითოლოგიური თეორია” დღეს ფოლკლორისტიკის ისტორიის კუთვნილებაა და თვალსაჩინო მაგალითია თამამი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული მცდარი შედეგებისა. მაგრამ მეცნიერებაში მცდარი შედეგებიც კი შეიძლება პოზიტიური აღმოჩნდეს. სწორედ მითოლოგიური თეორიის შეცდომებმა მოამზადა საფუძველი ხალხური ზღაპრის შედარებითი შესწავლისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – არსებითად მითოლოგიური თეორიიდან იწყება ზღაპარმცოდნეობის ისტორია.
დამოწმებანი
გოლთერი 1899: Golther, Wolfgang. “Ein mingrelisches
Siegfriedsmärchen”. Zeitschrift für vergleichende Literaturgeschichte (13).
Berlin 1899. S. 46-50.
წერეთელი 1990:
წერეთელი, ა. რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. V (პუბლიცისტური და კრიტიკული
წერილები). თბილისი, “საქართველო”, 1990.
ნერინგი 1899: Nehring, Wladislaus. “Anklänge an das
Nibelungenlied im mingrelischen Märchen? Zeitschrift für vergleichende Literaturgeschichte (13). Berlin 1899. S.
399-401.
ტაილორი 1871: Tylor,
Edward B. Primitive culture: researches into the development of
mythology, philosophy, religion, language, art, and custom. Vol. 1, 2.
London, Murray, 1871.
უორდროპი 1894: Georgian
Folk Tales translated by Marjory Wardrop. Published by David Nutt in the
Strand. London 1894.
ჭავჭავაძე 1987:
ჭავჭავაძე, ი. “ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ”. ჭავჭავაძე, ი. რჩეული
ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. IV (პუბლიცისტური წერილები). თბილისი, “საბჭოთა
საქართველო”, 1987. გვ. 162-164.
ხინთიბიძე 2003:
“ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის”.
ქართული ლიტერატურა ევროპის მეცნიერებაში. თბილისი, “ქართველოლოგი”, 2003,
გვ. 185-240.
ხახანაშვილი 1891:
ხახანაშვილი ალ. “ხალხური ზღაპრები, შეკრებილი აღნიაშვილის მიერ, წიგნი I”.
ივერია, 1891, #27.
ხახანაშვილი 1894: Хаханов, А. С. Очерки по
истории грузинской словестности, вып. первый. Москва, 1895.
ჯაგოდნიშვილი 2004: ჯაგოდნიშვილი, თ. ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია. თბილისი, “თსუ გამომცემლობა”, 2004.
წყარო:
ელენე გოგიაშვილის სტატია “მითოლოგიური თეორიიდან” ზღაპართა შედარებითი შესწავლისკენ: არაინდოევროპელ ხალხთა ზღაპრების კვლევა მე-19 საუკუნეში
დაბეჭდილია კრებულში:
IV საერთაშორისო სიმპოზიუმი “ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები”. მიძღვნილი აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლისთავისადმი. მასალები. თბილისი 2011, გვ. 89-96.
Comments
Post a Comment