ანთროპოლოგიური თეორია ფოლკლორისტიკაში

ანთროპოლოგიური თეორია არის კრებითი სახელი კვლევის სხვადასხვა მიმართულებისა, რომელიც ფოლკლორულ უნივერსალიებს ზოგადადამიანურ ფენომენებად მოიაზრებს. 
ეს იდეა ჯერ კიდევ ვილჰელმ და იაკობ გრიმების მითოლოგიურ თეორიაში იკითხება: ღვთაებრიობა, პოეტური სული ყოველ ხალხში არსებობს და ერთადერთი წყარო აქვს; ამიტომაც ვხედავთ ყველგან ერთსა და იმავეს, შინაგან თანხმობას, ნათესაობას, რომლის გენეალოგიური ხე დაიკარგა, მაგრამ საერთო საწყისზე მიანიშნებს (Grimm 1811, 420-421).
ზოგადადამიანურ მსგავსებებზე დაკვირვება ცენტრალური იდეაა გერმანელი ფილოსოფოსის თეოდორ ვაიცის (Theodor Waitz) ნაშრომისა პირველყოფილ ხალხთა ანთროპოლოგია (Anthropologie der Naturvölker, 1858), რომელშიც უძველესი ერთიანობა დღევანდელ მრავალფეროვნებასთან არის დაკავშირებული ევოლუციის თეორიის მეშვეობით. 
თეოდორ ვაიცი

ამავე ხასიათის დაკვირვებები აქვს გერმანელ ეთნოგრაფს, ადოლფ ბასტიანს (Adolf Bastian) წიგნში ადამიანი ისტორიაში. ფსიქოლოგიური მსოფლმხედველობის დასაბუთებისთვის (Der Mensch in der Geschichte. Zur Begründung einer psychologischen Weltanschauung, 1860). ბასტიანის აზრით, სრულყოფილების მწვერვალზე მდგომ ქმნილებათა გააზრებისთვის უნდა შევიცნოთ მათი ელემენტარული თვისებები და რეაქციები, რაც ფსიქოლოგიურად პირველყოფილი ხალხების ელემენტარულ ფიქრებშია (Elementargedanken) შემონახული. ზოგადად ადამიანის ფენომენის გაგებისთვის ადამიანი უნდა განვიხილოთ თავისი მოქმედებითა და განვითარების ფაზებით, თუ როგორ არსებობს ყველგან თავისი კანონზომიერებით (Bastian 1875, 345-346).
 
ადოლფ ბასტიანი
ანთროპოლოგიური თეორია არსებითად მე-19-20 საუკუნეების ინგლისში გაჩნდა და სხვადასხვა მიმართულებით გაიშალა. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისელი ფოლკლორისტები, რომლებმაც ფოლკლორის საზოგადოება დააარსეს, თავის თავს ანთროპოლოგიურ ფოლკლორისტებს უწოდებდნენ და ძირითადად ედვარდ ტაილორის გადმონაშთის თეორიას ეყრდნობოდნენ. survivals - ტაილორის ტერმინოლოგიით ანიმისტური რელიგიის განვითარებული სისტემაა, დაკავშირებული პრეისტორიულ ადამიანთან. მას შეესაბამება თანამედროვე გლეხების რიტუალები, წეს-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. ადამიანის ბარბაროსობის მდგომარეობიდან ცივილიზაციამდე მისვლას ანიმიზმის პოლითეიზმითა და მონოთეიზმით შეცვლა დასჭირდა. მე-19 საუკუნის ტეილორისშემდგომმა ანთროპოლოგებმა შეისწავლეს რა ველური ხალხები, დაასკვნეს, რომ ისინი კაცობრიობის განვითარების ადრინდელ საფეხურზე არიან და, ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ ცივილიზებულ ადამიანს ეს გზა გავლილი აქვს. 
 
ენდრიუ ლანგი
ეს ძირითადი ანთროპოლოგიური მოსაზრებები გახდა ბიძგი ვიქტორიანელ ფოლკლორისტთა ნიჭიერი და პროდუქტიული გუნდისთვის: ენდრიუ ლანგი, ედვარდ კლოდი, ჯორჯ გომი, ედვინ ჰარტლენდი, ალფრედ ნატი (Andrew Lang, Edward Clodd, George L. Gomme, Edwin S. Hartland, Alfred Nutt). 
ედვარდ კლოდი
ჯორჯ ლორენს გომი

თითოეულმა მათგანმა საკუთარი თეორიული სისტემა შექმნა თავის კვლევაში. ისინი ცდილობდნენ, პრიმიტიული ხალხების მითები და წეს-ჩვეულებები თანამედროვე გლეხების გადმოცემებისა და ცრურწმენებისთვის შეედარებინათ და ამგვარად, ქვედა შრეებზე დალექილი ფოლკლორი დღის სინათლეზე გამოეტანათ. 
ედვარდ სიდნეი ჰარტლენდი

ალფრედ ნატი

ის, რაც გლეხების რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში ცოცხლობდა გადმონაშთის სახით, შეიძლებოდა სრულად შემონახული ყოფილიყო, მაგალითად, პოლინეზიურ ან ნავახოს რიტუალებში. ინგლისელ ანთროპოლოგიურ ფოლკლორისტებს უფრო სწავლულები შეიძლება ეწოდოთ, ვიდრე პრაქტიკოსი, ველზე მომუშავე მკვლევარები; მაგრამ ისინი ცდილობდნენ, ადგილობრივი ინგლისური ფოლკლორული ნიმუშები შეეკრიბათ, რის მიხედვითაც მათში არსებულ გადმონაშთებს იკვლევდნენ. კოლონიებში დასაქმებულმა მოხელეებმა და მისიონერებმა ინდოეთში, აფრიკასა და ოკეანიაში ხელი მიჰყვეს მითებისა და წეს-ჩვეულებების აღწერას. მაგალითად, ლანგი და მისი კოლეგები ზღაპრებში, რომელთა მთავარი პერსონაჟები მოლაპარაკე ცხოველები არიან, პრეისტორიულ პერიოდს ხედავდნენ, როცა ადამიანი ცხოველს მეტყველების უნარს მიაწერდა: ჩვენ უძველესი აზროვნების რელიქტებს ანდაზებსა და გათვლებში, საბავშვო ზღაპრებსა და ცრურწმენებში ვხვდებით, რომლებიც ევროპაში უკვე ქრება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიოს მრავალ კუთხეში (Dorson 1977, 589).
ანთროპოლოგიური სკოლის ინგლისელი ფოლკლორისტები ხშირად მიმართავდნენ ეთნოგრაფიულ ნარკვევებს, რათა ტომთა კულტურებისთვის დამახასიათებელი ნიშნები თანამედროვე გლეხების წეს-ჩვეულებებისთვის შეედარებინა. ეს თეორია ეფუძნებოდა ჩარლზ დარვინის ჰიპოთეზას ბიოლოგიურ ევოლუციაზე. ადამიანის სოციალურ ინსტიტუტებთან მიმართებაში დარვინის ბიოლოგიური ევოლუციის ჰიპოთეზა გამოიყენა ჰერბერტ სპენსერმა (Herbert Spencer). 
ჰერბერტ სპენსერი

დიფუზიონისტურ თეორიასთან შეხებით ანთროლოგიურმა თეორიამ უკან დაიხია და დიფუზიით ახსნა ხალხური გადმოცემების ცალკეული კომპონენტი, რასაც ადრე ხალხების მსგავს განვითარებას მიაწერდა. 
ფრანც ბოასი

ამერიკაში ფოლკლორის ანთროპოლოგიური თეორიები სხვაგვარად განვითარდა. თუ ვიქტორიანულ ინგლისში ფოლკლორისტთა წამყვანი ჯგუფი ანთროპოლოგიით იყვნენ ინსპირირებული, ამერიკელი ანთროპოლოგები დაინტერესებული იყვნენ ფოლკლორული მასალით ტომთა კულტურების მთლიანობაში გამოკვლევისთვის. ამ მხრივ ამერიკული ანთროპოლოგიისთვის განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფრანც ბოასმა (Franz Boas) თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობით კოლუმბიის უნივერსიტეტში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ხალხური გადმოცემები ბოასმა ახსნა როგორც სარკე ძველი კულტურისა. ის და მისი მოსწავლეები ზღაპრებს კრებდნენ, როგორც ეთნოგრაფიის დამხმარე მასალას. ბოასის აზრით, ზეპირი გადმოცემები თავისი პერსონაჟებით და მოტივებით გაქვავებული მოთხრობები კი არ არის, არამედ სოციალურ დინამიკას მიჰყვებიან და სხვადასხვა გავლენას და მოდიფიკაციას ექვემდებარებიან. ზეპირი ლიტერატურა არის სიმბოლური რეაქციის ფორმა საზოგადოებრივ პროცესებზე და ამიტომ ის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა ეთნოლოგიური და კულტურული ანთროპოლოგიის კვლევებისთვის.

რუთ ბენედიქტი

ბოასის მოსწავლემ რუთ ბენედიქტმა (Ruth Benedict) თავის ნაშრომში ზუნის მითოლოგია (Zuni Mythology 1935) მიუთითა, რომ გადმოცემები ხშირად კულტურული ნორმებიდან უხვევენ, რამდენადაც თავის პროტაგონისტებს ნებას რთავენ ხელშეუხებელი ტაბუს დარღვევისა და ფანტასტიკური სურვილების ახდენისა.
ბოასის სხვა მოსწავლე მელვილ ჯეკობსი (Melvillw Jacobs) თავის წიგნში Content and style of an oral literature (1959) ტრადიციულ გადმოცემებს დრამატულ სპექტაკლებად მოიაზრებს, რომლებიც თავისი მაყურებლისთვის სრულიად გასაგებია და კულტურის დაწვრილებით განმარტებას და ინტერპრეტაციას ითხოვენ იმისთვის, რომ უცხო თვალმა სწორად აღიქვას.  
მელვილ ჰერსკოვიცი

ბოასის კიდევ ერთმა მოსწავლემ, მელვილ ჰერსკოვიცმა (Melville J. Herskovits) აფრიკული ზღაპრების დიდი ნაწილი შეკრიბა. მისი დასკვნით, აფრიკული საზღაპრო რეპერტუარი უამრავ მაგალითს შეიცავს, სადაც ადამიანები ცხოველის სახეს იღებენ. ჰერსკოვიცის მოსწავლე იყო უილიამ ბესკომი (William Bascom), რომელმაც ფოლკლორის მორალური, დიდაქტიკური და კათარზისული ფუნქცია ერთ თეზად ჩამოაყალიბა - ფოლკლორი კულტურაში ცენტრალურ როლს თამაშობს და არა მარგინალურს.
ანთროპოლოგიური თეორიის გავლენა იგრძნობა საფრანგეთში ჟოზეფ ბედიეს (Joseph Bédier) ნაშრომებში, რუსეთში - ვლადიმერ პროპის იმ ნაშრომებში, რომლებშიც ზღაპრების ბევრი ასპექტი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით არის ახსნილი, კერძოდ "ჯადოსნური ზღაპრის ისტორიული ფესვები" (1946).


ლიტერატურა


  1. Bastian, Adolf: Vorstellungen von der Seele. In: Sammlung gemeinverständlicher wissenschaftlicher Vorträge. Herausgegeben von Rud. Virchow und Fr. v. Holtzendorff, X. Serie, Heft 217-240. Berlin, S. W. 1875.
  2. Briggs, Katharine M.: Clodd, Edward. In: Enzyklopädie des Märchens, B. 3, Berlin/New York, Walter de Gruyter, 1981, S. 77-79.
  3. Dorson, Richard M.: Anthropologische Theorie. In: Enzyklopädie des Märchens, B. 1, Berlin/New York, Walter de Gruyter, 1987, S. 586-591.
  4. Grimm, Wilhelm. Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen. Heidelberg: Mohr und Zimmer, 1811. https://archive.org/stream/altdnischehelde02grimgoog#page/n4/mode/2up
  5. Newall, Venetia: Gomme, George Laurence. In: Enzyklopädie des Märchens, B. 5, Berlin/New York, Walter de Gruyter, 1987, S. 1396-1397.
  6. Nicolaisen, F. H. Wilhelm: Hartland, Edwin Sidney. In: Enzyklopädie des Märchens, B. 6, Berlin/New York, Walter de Gruyter, 1990, S. 528-530.
 

Comments