„მოხეტიალე სიუჟეტთა“ თეორია ფოლკლორისტიკაში

მოხეტიალე სიუჟეტთა თეორია (იგივე სესხების, ნასესხობის, მიგრაციული) მთავარი საყრდენია ფაქტობრივად ყველა დანარჩენი ფოლკლორისტული სკოლისთვის, რომლებიც სიუჟეტების შედარებით შესწავლას მისდევს.
ფოლკლორული სიუჟეტების მსგავსების, ურთიერთგავლენებისა თუ მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობის საკითხებს ჯერ კიდევ ძმები გრიმების თეორიულ ნაშრომებში ვხვდებით, თუმცა ისინი რომანტიზმის წიაღში შექმნილი მითოლოგიური სკოლის წარმომადგენლები არიან.
ძმები გრიმების 1835 წელს გამოცემული გერმანული მითოლოგია სამეცნიერო ნაშრომის მოდელად იქცა მე-19 საუკუნის ფოლკლორისტიკაში. რადგანაც იაკობ გრიმს მოცემული აქვს ინდოევროპული მითების სისტემატიზაციისა და მნიშვნელობათა ახსნის მცდელობა, ამ სფეროში მუშაობას საერთო სახელი მითოლოგიური სკოლა ეწოდა. მითოლოგიური სკოლის მიმდევრების ძირითადი მიზანი მსოფლიოს ყველა კუთხეში საერთო სიუჟეტების არსებობისა და მათი არქაულობის დამადასტურებელ ნიშანთა აღმოჩენა იყო. იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ზღაპრები ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ და ინდოევროპელ ხალხთა მითოლოგიის ნაშთებს წარმოადგენდნენ. ამ თეორიას ენათმეცნიერული და ფილოსოფიური საფუძვლები ჰქონდა: 1) ინდოევროპულ ენათა ნათესაობა და 2) მითოლოგია როგორც ხელოვნების ფუნდამენტი. 
გრიმების "გერმანული თქმულებები"


ვილჰელმ გრიმი თავის წიგნში ძველი დანიური საგმირო სიმღერები, ბალადები და ზღაპრების წერს:
სხვასხვა ხალხის პოეტური შემოქმედების ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს მათი მსგავსება, რაც, შესაძლოა, გაგვიკვირდეს, შესაძლოა - ნაძალადევიც მოგვეჩვენოს. [...] ღვთაებრიობა, პოეტური სული ყოველ ხალხში არსებობს და ერთადერთი წყარო აქვს; ამიტომაც ვხედავთ ყველგან ერთსა და იმავეს, შინაგან თანხმობას, ნათესაობას, რომლის გენეალოგიური ხე დაიკარგა, მაგრამ საერთო საწყისზე მიანიშნებს; დაბოლოს, ანალოგიური განვითარება, ოღონდ განსხვავებული გარემო-პირობები და გავლენები. ამიტომ არის, რომ ყოველ ბგერაში ვპოულობთ გარეგნული სახის მრავალფეროვნებას, ციდან მომდინარეს, რომლის ქვეშაც მცენარეები ხარობს და თითოეულში ვხედავთ უსასრულობას. ჩვენ ვერ ვიპოვით უკეთეს მსგავსებას, ვიდრე ღვთის მიერ შექმნილ ადამიანში, რომლის სახე, ფერი, ენა და სიცოცხლის ხალისი ბუნებაზეა დამოკიდებული, ბუნების შესაბამისად განსხვავებულია მსოფლიოს ყოველ კუთხეში; ისევე როგორც ერების ნათესაურ მსგავსებებში, თითოეული მათგანის ინდივიდუალობა ცალ-ცალკე იწევს წინა პლანზე.
[...] ხალხთა პოეზიის ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სულიერ ნათესაობაში არსებობს კიდევ სხვა, რომელსაც საერო ან სამოქალაქო შეიძლება ვუწოდოთ. სახელდობრ, ვერ უარვყოფთ, რომ პოეტური ნაწარმოები გარკვეული სახით ერთი ხალხიდან მეორეში გადადის და ხშირად შორ გზასაც გაივლის; ისინი თუმცა ახალი სამშობლოს წესებს ემორჩილებიან, მაგრამ მაინც თავისი წარმომავლობის კვალს ნათლად ატარებენ (Grimm 1811, 420-421).
ილუსტრაცია გრიმების "საბავშვო და საოჯახო ზღაპრების" წიგნიდან


ზღაპრების საერთაშორისო გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ტრადიციათა ურთიერთსესხებაა, რასაც ძმები გრიმები არ იზიარებდნენ. თუმცა სიუჟეტთა სესხების თეორიას წანამძღვრები ბევრად ადრე ჰქონდა, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში.
1670 წელს ფრანგმა მეცნიერმა, ეპისკოპოსმა პიერ დანიელ იუემ (Pierre-Daniel Huet) თავის ნაშრომში Essais sur l’origine des Romans გამოთქვა აზრი, რომ ზღაპრები ადამიანის ფანტაზიის პროდუქტს წარმოადგენენ და რომ ყველა დროს, ყველა ხალხისთვის დამახასიათებელი ნიშანია მიბაძვის უნარი - ამის გამო ზღაპრების უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთიდან მომდინარეობს (Коккъяра 1960: 56). მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ფოლკლორისტიკა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული როგორც ცალკე დისციპლინა, ამ ვარაუდმა საუკუნის შემდეგ შეისხა ფრთები მოხეტიალე სიუჟეტების თეორიაში. მომდევნო წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად გაჩნდა თვალსაზრისი გარკვეულ სიუჟეტთა აღმოსავლური წარმოშობის შესახებ.

პიერ დანიელ იუე


1678 წელს ჟან დე ლაფონტენმა თავისი იგავების წინასიტყვაობაში განაცხადა, რომ მისი ზღაპრების დიდი ნაწილი ინდური წარმომავლობის იყო (Fontaine 1678). 
ჟან დე ლაფონტენი


1816 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა ქილილა და დამანა ანუ ბიდპაის იგავები არაბულ ენაზე, რომლის ავტორი, ორიენტალისტი სილვესტრ დე სასი (Silvestre de Sacy 1758-1838) ხალხური გადმოცემების გავრცელებას იკვლევდა. ბუდისტური ლიტერატურის შესწავლისას მან ყურადღება მიაქცია ბრაჰმანებისა და ბუდისტი რელიგიური პირების მიერ ინტერპრეტირებული ლეგენდების, აფორიზმებისა და ანდაზების აურაცხელ რაოდენობას. დე სასიმ ამ გამოკვლევით სათავე დაუდო ხალხური ლიტერატურის გავრცელების საკითხის შესწავლას აღმოსავლურ სამყაროში (Коккъяра 1960: 320). 
 
სილვესტრ დე სასი





გერმანელი ენათმეცნიერის, სანსკრიტოლოგ თეოდორ ბენფეის მიერ თარგმნილი პანჩატანტრა და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა ორიენტალისტიკის შედევრად აღიარეს ევროპაში (Коккъяра 1960: 320). ასეთივე მნიშვნელობა აქვს ამ ნაშრომს ფოლკლორისტიკისთვისაც. თეოდორ ბენფეის სახელი და მოხეტიალე სიუჟეტთა თეორია სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს.
ზუსტ თარგმანთან, სხვადასხვა რედაქციის შედარებასა და ისტორიულ-კულტურულ ანალიზთან ერთად თეოდორ ბენფეიმ განიხილა პანჩატანტრას გავლენა ხალხურ თხრობით ტრადიციაზე. თ. ბენფეიმ დაასკვნა, რომ ზღაპრებისა და სხვა ხალხური მოთხრობების დიდი რაოდენობა ინდოეთიდან გავრცელდა მსოფლიოში. მისი აზრით, ეს გავრცელება დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნიდან, როცა პანჩატანტრას მოთხრობებს აღმოსავლეთში ჩამოსული მოგზაურები და ვაჭრები გაეცნენ. ხალხური ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა ზეპირ ტრადიციაში არსებობდა, მოგვიანებით კი ზეპირს ლიტერატურული ტრადიციაც დაემატა:
ევროპულ ლიტერატურაში ნოველებს პირველად ბოკაჩოსთან ვხვდებით, ზღაპრებს კი სტრაპაროლასთან. ხალხის მიერ ლიტერატურიდან აღებული და გადამუშავებული ისევ ლიტერატურაში მოხვდა, იქიდან კი კვლავ ხალხში დაბრუნდა. ამის შედეგად უამრავმა მოთხრობამ ეროვნული სულისა და შემოქმედი ინდივიდუმების ერთობლივი ზემოქმედებით ის ნაციონალური ხასიათი მიიღო, რაც მხოლოდ ინდივიდუმის შრომით მიიღწევა და რაც მას მაღალმხატვრულ ღირებულებას ანიჭებს (Benfey 1859: XXVI).
 
თეოდორ ბენფეი
თ. ბენფეი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ევროპელი ხალხები ინდოეთიდან მომდინარე სიუჟეტებსა და თემებს იყენებდნენ, მაგრამ მათი ინტერპრეტირებისას ახალი ნაწარმოებები იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თ. ბენფეის უმთავრესი მიზანი ამა თუ იმ მოტივის გავრცელებაზე დაკვირვება იყო, ის როგორც ფილოლოგი, ნაწარმოების შემოქმედებითი გენეზისითაც იყო დაინტერესებული - თუ როგორ იქცევა ერთი ნოველა გადამუშავების შედეგად ახალ ნოველად. 
გასტონ პარისი
 ფრანგი ფილოლოგი გასტონ პარისი თავის ნაშრომებში შუა საუკუნეების პოეზია (La poésie du Moyen Age) და ფრანგული ლიტერატურა შუა საუკუნეებში (La littératire française au Moyen Age) თეოდორ ბენფეის თვალსაზრისს იზიარებს. ფრანგული ხალხური თხრობითი ტრადიციების შესახებ საუბრისას ის ამტკიცებს, რომ ახალ ნიადაგზე გადასვლისას საერთაშორისო წარმომავლობის სიუჟეტები და მოტივები ნაციონალურ თვისებებს იძენენ

ლიტერატურა
  • Benfey, Theodor. Pantschatanra. Fünf Bücher indischer Fabeln, Märchen und Erzählungen. Aus dem Sanskrit übersetzt mit Einleitung und Anmerkungen von Theodor Benfey. Leipzig: 1859. 
  • Fontaine de la, Jean. Contes et nouvelles en vers. Lyon: 1678. 
  • Grimm, Jacob. Deutsche Mythologie. Göttingen: In der Dieterichschen Buchhandlung, 1835.
  • Grimm, Wilhelm. Altdänische Heldenlieder, Balladen und Märchen. Heidelberg: Mohr und Zimmer, 1811.  
  • Tylor, Edward B. Primitive culture: researchers into the development of mythology, philosophy, religion, language, art, and custom. Vol. 1, 2. London, Murray, 1871.
  •  Wagener, August. Essai sur les rapports qui existent entre les apologues de l'Inde et les apologues de la Grèce. Bruxelles: 1854.
  • Коккъяра, Джузеппе. История фольклористики в Европе. Москва: 1960.
  •  
წყარო:
ელენე გოგიაშვილის სტატია 
"მოხეტიალე სიუჟეტები” და მე-19 საუკუნის ფოლკლორისტული თეორიები
დაბეჭდილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "განათლებაში", 2016/1(15), გვ. 46-56.

Comments