მეომარი ქალები: საკას დედოფალი ზარინა

 

ბერძენი ისტორიკოსების დიოდორუს სიცილიელისა და ნიკოლოზ დამასკელის ქრონიკებში (I ს.) შემონახულია სპარსული სამიჯნურო ისტორიის ფრაგმენტები საკას (სკვითების მონათესავეები აღმოსავლეთით) დედოფალ ზარინას შესახებ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში მეფობდა. ზარინას სამფლობელო კასპიის ზღვის რეგიონში უნდა ყოფილიყო და ურთიერთობა ჰქონოდა პართიასა და მიდიასთან. 

ლეგენდის თანახმად, ზარინა და საკას მეომრები პართიელებს ეხმარებოდნენ მიდიელების წინააღმდეგ. როგორც ბერძენი ისტორიკოსები აღნიშნავენ, საკა ქალები კაცებთან ერთად ცხენზე ამხედრებული იბრძოდნენ ამორძალთა მსგავსად. 

 


მოქმედება იწყება პართიელი მომთაბარეების მიდიაში შეჭრით. ისინი ძლევამოსილ საკას შეეკრნენ, რომელთა ჯარს ზარინა სარდლობდა. გაიმართა სისხლიანი ბრძოლა. ერთ ბრძოლაში ზარინა შეებრძოლა მიდიელების სარდალ სტრიანგეუსს. მან ზარინა ცხენიდან ჩამოაგდო, მაგრამ მისი სიმამაცით მოხიბლულმა ქალი გაათავისუფლა. სხვა ბრძოლაში ზარინას მეომრებმა ჩაიგდეს ხელში სტრიანგეუსი და მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ ზარინამ გაათავისუფლა, რადგან მას სიცოცხლის შენარჩუნებას უმადლოდა. 

სკვითური ბალთა ბრიტანული მუზეუმიდან
 

მას შემდეგ, რაც მიდიელები და საკა დაზავდნენ, სტრიანგეუსი თავის ძველ მტერთან ზარინასთან მიდის როქსანაკეში („მბრწყინავ ქალაქში“), სადაც ზარინამ დიდი პატივით მიიღო, აკოცა და ეტლით გაასეირნა. სტრიანგეუსი სიყვარულში გამოუტყდა, მაგრამ ზარინამ უარჰყო. სტრიანგეუსმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ მანამდე წერილი მისწერა ზარინას. ეს ამბავი და სტრიანგეუსის სასიყვარულო წერილის ბევრი ვერსია არსებობს ანტიკურობაში და პაპირუსებზე. ზარინასა და სტრიანგეუსის ისტორია თარიღდება იმ პერიოდით, როცა ამაზონები პირველად გამოჩდნენ ბერძნულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ზარინას ისტორიას ადარებენ აქილევსისა და პენთესილეას ტრაგიკულ ამბავს, მაგრამ სპარსული ისტორია სხვა სცენარს გვთავაზობს. მტრები ერთმანეთის სიცოცხლეს იხსნიან და მათი მეგობრობაც და სიყვარულიც შესაძლებელია.

 

ლიტერატურა:

1.   Mayor, Adrienne: The Amazons: Lives and Legends of Warrior Women across the Ancient World. Princeton University Press, 2015. 

2. Diodorus Siculus. Library of History. Vol. I: Book 2. Loeb Classical Library Edition, 1933. 

 

 

 

Comments