ანა ჭეიშვილისა და ანა მარგველაშვილის წიგნი “ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში” მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელიც გამომცემლობა "ვაზმა" 2020 წელს შესთავაზა მკითხველს. XIX საუკუნის ბოლოს ევროპელ მეცნიერთა კავკასიაში მოგზაურობის ამსახველ წერილებთან ერთად წიგნი მოიცავს ვრცელ გამოკვლევას იტალიელი ბოტანიკოსებისა და ანთროპოლოგების _ ემილ ლევიესა და სტეფან სომიეს 1890 წელს ჩატარებული ექსპედიციის შესახებ.
ევროპელი მოგზაურების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას წიგნის წინასიტყვაობიდან ვეცნობით. ემილ ლევიეს წიგნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყო მისი თანამედროვეთათვის კავკასიაში მოგზაურობისას. სტეფან სომიე იტალიის ბოტანიკოსთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი იყო. ამავე საზოგადოების წევრი იყო ემილ ლევიე. სომიეს კოლექციებმა გაამდიდრა ევროპის მრავალი მუზეუმი და სამეცნიერო ცენტრის ჰერბარიუმი. სომიეს სამენციერო მემკვიდრეობა 170-მდე პუბლიკაციას მოიცავს ბოტანიკის, გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის შესახებ (ეს ბიბლიოგრაფია ერთვის ნაშრომს).
კავკასიაში ლევიესა და სომიეს ექსპედიცია მთელ ზაფხულს მიმდინარეობდა, თითქმის 4 თვე _ 15 ივნისიდან 30 სექტემბრამდე. სვანეთში, აფხაზეთსა და ჩრდილოკავკასიაში მოგზაურებს ახლდათ ადგილობრივი გამცილებლები. ექსპედიცია რიონის ქვედა წელიდან დაიწყო და ყუბანის ხეობამდე გაგრძელდა.
ანა ჭეიშვილმა და ანა მარგველაშვილმა სომიეს არქივში დაცული ხელნაწერით აღადგინეს 1890 წელს კავკასიაში მოგზაურობის მარშრუტი იმ დეტალებით, რომლებიც ლევიეს პუბლიკაციაში არ შესულა.
ემილ ლევიესა და სტეფან სომიეს მიერ კავკასიაში 1890 წლის ექსპედიციის მომზადების, მსვლელობისა და მომდევნო ეტაპების შესახებ სრული ინფორმაცია მკვლევრებმა ფლორენციის უნივერსიტეტის ბოტანიკის ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალებიდან მოიპოვეს. მათ ადგილზე შეისწავლეს ლევიესა და სომიეს არქივები, გაშიფრეს კორესპონდენციები, დაამუშავეს ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და რუსულ ენებზე დაწერილი ათეულობით წერილი და საფოსტო ბარათი. სწორედ ეს მიმოწერა აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობის ყველა ეტაპის შესასწავლად და იმ პროცესის წარმოსაჩენად, რაც იტალიაში დაბრუნებული მეცნიერების პუბლიკაციებსა და კოლექციების დამუშავებას ახლდა.
ანა ჭეიშვილისა და ანა მარგველაშვილის წყალობით, ფლორენციაში დაცული კორესპონდენციიდან ვიგებთ, როგორ ემზადებოდნენ ევროპელი მეცნიერები კავკასიაში მოგზაურობისთვის, ეცნობოდნენ სამეცნიერო ლიტერატურას, მარშრუტის შედგენასა და ცნობების შეგროვებაში დახმარებას სთხოვდნენ კოლეგებს, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შვეიცარიელი ბოტანიკოსი ეჟენ ოტრანი და გერმანელი გუსტავ რადე _ გერმანელი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი, კავკასიის მუზეუმისა და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. ემილ ლევიეს შესახებ პირველი რეცენზია სწორედ გუსტავ რადეს გამოუქვეყნებია გერმანულენოვან პერიოდიკაში “Petermanns Geographische Mitteilungen” 1895 წელს:
“ლევიეს წიგნი, განსაკუთრებით კი ის ნაწილები, რომელებიც სვანეთისა და აფხაზეთის მთიანეთის და იალბუზის აღწერას შეეხება, დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ალპინისტებისთვის, ასევე ბოტანიკოსებისთვის. რაც შეეხება წიგნის ლიტერატურულ ღირებულებას, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თხრობის ავტორისეული სტილი გასაგები და ელეგანტურია; ისტორიები ცოცხლად და მოქნილად არის აღწერილი; მახვილგონივრული შეფასებები, სათანადო შედარებები, ციტატები, ასევე იუმორი და ბუნების ზე-პოეტური აღქმები მარშრუტის მიმდინარეობის აღწერისას სასიამოვნოდ ენაცვლება ერთმანეთს. მდიდარ მასალას წარმოადგენს ასევე ბოტანიკური დაკვირვებები.” (გვ. 34).
მკვლევარი ქალების დამსახურებით, ახლა ჩვენთვისაც ცნობილი გახდა, თუ როგორ წაიკითხა გუსტავ რადემ ბორჯომში დიდ მთავარ მიხეილ რომანოვთან სტუმრობისას ლევიეს წიგნი და როგორ მისწერა სტეფან სომიეს აღფრთოვანებული ემოციებით სავსე წერილი. რადე წერდა, განსაკუთრებით იმ მთიანი რეგიონების აღწერა მომეწონა, სადაც თვითონ ვყოფილვარ და მცენარეები შემიგროვებია 1864-65 წლებშიო. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ გუსტავ რადეს ემილ ლევიესა და სტეფან სომიესთან ექსპედიციამდეც ჰქონდა მიმოწერა, აწვდიდა ცნობებს კავკასიაში მოგზაურობისთვის საჭირო დეტალებზე, ექსპედიციის მარშრუტსა თუ სამგზავრო ხარჯებზე.
ემილ ლევიეს “კავკასიაში მოგზაურობამ” შვეიცარიაში გამოქვეყნებისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია ევროპელ მოგზაურებში. ლევიე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ტექსტს. ცდილობდა, საინტერესო ყოფილიყო ფართო მკითხველისთვის _ ბოტანიკოსებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ ამბები აინტერესებდა. ფრანგი არქეოლოგი და ანთროპოლოგი ერნესტ შანტრი, უნგრელი გეოლოგი, გეოგრაფი და ალპინისტი მორის დე დეში, გერმანელი ბოტანიკოსი ადოლფ ენგლერი მადლობას უხდიდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ემილ ლევიეს. მათი წერილები ლევიესა და სომიეს არქივებშია დაცული და ახლა უკვე ჩვენც გავეცანით მათ ანა ჭეიშვილისა და ანა მარგველაშვილის წყალობით.
ანა ჭეიშვილისა და ანა მარგველაშვილი რომ არა, არ გვეცოდინებოდა იმ ორი ადამიანის არაჩვეულებრივი მიმოწერის შესახებ, რომელიც კავკასიაში მოგზაურობის ამსახველი უძვირფასესი მასალის გარდა თვითონ მოგზაურთა კეთილშობილ, ემოციურ, ცოცხალ, იუმორით სავსე შინაგან სამყაროს გვიშლის და მათი მოგზაურობის თანამონაწილედ გვხდის.
აქვე უნდა აღინიშნოს მკვლევართა მოწიწებული დამოკიდებულება ემილ ლევიეს წიგნის ძველი ქართული თარგმანისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარგმანი სრული არ არის, მათ აუცილებლად მიიჩნიეს XIX საუკუნის ტექსტის ხელახალი გამოქვეყნება: “ჩვენ გვსურდა საუკუნეზე მეტი ხნის წინ მთარგმნელების მიერ გაწეული შრომა არ დაკარგულიყო, რადგან ახალი თარგმანის გამოქვეყნების შემთხვევაში ძველი უკვე აღარ მიიქცევდა თანამედროვე მკითხველის ყურადღებას” (გვ. 40).
დღევანდელ მეცნიერებაში კულტურის, როგორც ტექსტის განხილვა ნიშნავს საერთო ველის განსაზღვრას, რომელიც მხოლოდ ინტერდისციპლინურად უნდა დამუშავდეს: კულტურა არის სფერო, რომელიც, ტექსტის მსგავსად, წაკითხვა-გააზრების სხვადასხვა ვერსიას იწვევს. ამ თვალსაზრისით, ემილ ლევიეს „მოგზაურობა კავკასიაში“ მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. არანაკლები მნიშვნელობის მქონეა ის კორესპონდენცია, რომელიც ამ წიგნთან არის დაკავშირებული და რომელშიც სრულყოფილ სურათს დავინახავთ იმ შთაბეჭდილებებისა, რაც ემილ ლევიეს კავკასიიდან გაჰყვა ევროპაში.
წყარო:
ელენე გოგიაშვილი. რეცენზია წიგნზე: ანა ჭეიშვილი, ანა
მარგველაშვილი. ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში. თბილისი: „ვაზი“, 2020. - თსუ საქართველოს
ისტორიის ინსტიტუტის შრომები XVII (2021), გვ. 361-365. https://geohistory.humanities.tsu.ge/ge/procedings/83-shromebi/176-shromebi-17.html
Comments
Post a Comment