მეომარი ქალები: ამორძალთა დედოფალი სერპოტი და ეგვიპტელი უფლისწული პედიხონსი

 


 

 ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნის ერთ პაპირუსზე ისტორიამ შემოინახა ამბავი  „ეგვიპტელები და ამორძალები“. ნახევრადწაშლილი პაპირუსიდან ფრაგმენტულად ვიგებთ, თუ როგორ შეიჭრა უფლისწული პედიხონსი „ქალთა ქვეყანაში“ - სირიაში და როგორი ზარალი მიაყენა მის ჯარს სერპოტმა, ამორძალთა დედოფალმა. (სურათზე: პეტუბასტის ციკლის მოთხრობა პაპირუსზე, ბრიტანული მუზეუმი).



 ეგვიპტელებისა და ამორძალთა ამბავი მიეკუთვნება ბერძნულ-რომაული პერიოდის მეფე პეტუბასტის ისტორიათა ციკლს. გმირების შეჯიბრი და ორთაბრძოლები ჰომეროსის ეპოსის გავლენით არის აღწერილი, ხოლო ზოგიერთი თემა ბერძნული მოდელის მიხედვით არის დამუშავებული და აქილევსისა და პენთესილეას მითს მოგვაგონებს. (სურათზე: პენთესილეა, ლუვრი).

ეგვიპტელთა ჯარის მეთაურმა, უფლისწულმა პედიხონსმა ამორძალთა დედოფალი სერპოტი ორთაბრძოლაში გამოიწვია. მზის ამოსვლისას იარაღი აისხეს და მთელ დღეს შეუჩერებლად იბრძოდნენ. ფარებს ზრიალი გაჰქონდა. მათი შეტევა ავაზების შერკინებას ჰგავდა, "როცა სიკვდილი სიცოცხლეზე უფრო დიადია". 

საღამოს სერპოტმა შესვენება შესთავაზა ეგვიპტელ უფლისწულს. პედიხონსი დათანხმდა, ღამით ვერ ვიბრძოლებთო. ორი მეომარი სასაუბროდ ჩამოჯდა.

„პედიხონს, რამ მოგიყვანა ქალთა ქვეყანაში? ბრძოლის ჟინმა? ბედისწერამ? თუ გინდა ჩვენს შორის... მან გაიცინა“. პედიხონსმა იარაღი მოიხსნა და სერპოტმაც გაიხადა ტანისამოსი, რადგანაც ძლიერმა ვნებამ მოიცვა და იარაღიც მოიხსნა. პედიხონსმა თავი დაკარგა. „ძვირფასო სერპოტ“. 

აქ ტექსტი წყდება. შემდეგ ფრაგმენტში სერპოტი და პედიხონსი თავის დილემაზე ლაპარაკობენ - მოვალეობა თუ სიყვარული. ისინი ბრუნდებიან თავ-თავის ბანაკში და იძინებენ. მეორე დღეს კვლავ განაახლებენ ორთაბრძოლას, მაგრამ ვერცერთი ვერ იმარჯვებს და ცხადდება ზავი. პედიხონსი და სერპოტი თავდავიწყებას ეძლევიან კარავში. მათი ჯარები ალიანსს ზეიმობენ. უეცრად შორეული აღმოსავლეთიდან უცხო ტომთა ჯარი შემოიჭრება და პედიხონსის ლაშქარს და ხოცავს. სერპოტი ეხმარება პედიხონსს მათთან ბრძოლაში, რადგან იცნობს მის მტერს. სერპოტის დახმარებით პედიხონსის ჯარი გაიმარჯვებს. 

წყარო:

  Ancient Egyptian Literature. Edited by Miriam Lichtheim. University of California Press, 1973, გვ.759-764.


 


Comments