მულანის ამბავი, რომელიც 1998 წელს დისნეის ანიმაციური სტუდიის მიერ გადაღებული ფილმის წყალობით მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია, ჰანის დინასტიის პერიოდის (ძვ. წ. 206 - ახ.წ. 220) ჩინურ ხალხურ სიმღერებს უკავშირდება. უძველესი წერილობითი ძეგლი „სიმღერა მულანზე“ თარიღდება ჩრდილო ვეის დინასტიის პერიოდით (ახ. წ. 386-557.), როცა ჩრდილოეთ ჩინეთში მომთაბარე ტომთა შემოსევები გახშირდა. მულანის ამბავი იმით იწყება, რომ იმპერატორმა ჯარის შესაკრებად მოიხმო მოსახლეობა, თითო ოჯახიდან თითო კაცი. ბიჭად გადაცმული მულანი იმპერიის ჯარში ათ წელს იბრძოდა. შემდეგ დაბრუნდა სახლში, ქალური იდენტობა დაიბრუნა და ჯარის ძველ მეგობარს დაუკავშირა თავისი ცხოვრება.
მულანი სულაც არ არის ჩინური სახელი. ლინგვისტურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სახელი ნიშნავს „ირემს“ შუააზიელი თურქმენული ტომების ძველ ალთაურ ენაზე. მულანი სხვა არავინაა, თუ არა ჩინეთში საუკუნეების მანძილზე შეკედლებული მომთაბარე წარმოშობის მებრძოლი ქალი. როგორც თავის სქესს მალავს, ისე დამალა მულანმა თავისი სახელის მიღმა თავისი ეთნიკური წარმოშობა, დაემთხვა რა ჩინურ სიტყვა „მაგნოლიას“. მულანის სახელწოდება „ირემი“ აღძრავს ასოციაციას ირმის ფორმის მქონე მუზარადისა და იარაღისა, რომლებიც არტეფაქტების სახით მრავლად მოიპოვება. ირმის მოტივი, რომელსაც ასე კარგად იცნობენ ბერძენი მხატვრები და მოქანდაკეები, გამოსახულია ხოლმე ამორძალთა მუზარადებზე, ფარებზე და ტუნიკებზე, ასევე ტატუზე. ასეთივე ტატუები არის აღმოჩენილი გაყინულ ქალ მუმიებზე ახლადაღმოჩენილ ყორღანებში.
ლიტერატურა:
Mayor, Adrienne: The Amazons: Lives and Legends of Warrior Women across the Ancient World. Princeton University Press, 2016.
გოგიაშვილი, ელენე. ზღაპრული "ქალთა ქვეყანა" ლიტერატურულ და ფოლკლორულ ნარატივებში. კრებულში: აღმოსავლეთმცოდნეობა, X, 2021, გვ. 68-75.
Comments
Post a Comment