თინათინ ოჩიაური (1920-2010) და მისი "მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში"

თინათინ ოჩიაური (1920-2010) - ქართველი ეთნოგრაფიული სკოლის გამორჩეული წარმომადგენელი, ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის განყოფილება. თინა ოჩიაურმა ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ქართული მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული პერსპექტივიდან, პირველმა გამოაქვეყნა მეცნიერული ნაშრომები „რჩეულობის ინსტიტუტზე“ - ხევსურ ქადაგ ქალებზე. მისი მონოგრაფია „მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“, რომელიც მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენს, ფოლკლორისტებისთვის სამაგიდო წიგნია.

 „ძველ კულტურულ ხალხთა მსგავსად, ჩვენ წინაპრებს რომ ჰქონოდათ ტრადიცია თავიანთი ღვთაებების ნახატით აღბეჭდვისა, ალბათ ბევრ სალოცავს დაამშვენებდა ცხოველური თუ სხვა სახის ატრიბუტები, ნიშანი მათი თავდაპირველი ბუნებისა. შუბნური ჯვარი გველის გამოსახულებით იქნებოდა წარმოდგენილი, ნახარელა ღვთისმშობელი დათვის იერს ვერსად წაუვიდოდა, გუდამაყრის საღმთო მაღალი ყოჩის თავ-რქას დაიმშვენებდა და ა.შ. ეს გადასვლები ბუნების მოვლენათა თუ სუბიექტთა თაყვანისცემიდან ქვეწარმავალთა, ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა გაღვთაებრივებაზე, ხოლო შემდეგ მათ ანთროპომორფირება, კარგად იჩენს თავს ღვთისშვილთა ბუნება-ფუნქციების შესწავლის დროს. ღვთაებებმა, რომელთაც ასეთი შორეული ისტორია აქვთ, რომლებმაც განვითარების მრავალი ეტაპი განვლეს, უმდაბლესიდან ასტრალური ხასიათის ღვთაებებად იქცნენ და ადრეკლასობრივი საზოგადოების შესატყვისი სახით მოაღწიეს ჩვენამდე, მითოლოგიურ გადმოცემებშიც ჰპოვეს თავიანთი რელიგიური ბუნების ასახვა. მაგრამ ამ გადმოცემებში აისახა საზოგადოებრივი ყოფის სურათის, მთიელთა ცხოვრების დამახასიათებელი ცალკეული მხარეები და ეპიზოდები. სწორედ ამ თვალსაზრისით გვაინტერესებს ჩვენ მთიელთა მითოლოგიური გადმოცემები, რომელთაც განვიხილავთ, როგორც ისტორიული ფაქტისა და მოვლენის ამსახველს, სადაც, ერთი მხრივ, მოცემულია კავკასიის მთიანეთის ხალხთა ეთნიკური ურთიერთობის ამბები, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ცალკეული მხარეების სურათი.“

თინათინ ოჩიაური

ფოტო აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის გვერდიდან.  

Comments