საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის დაარსების ინიციატორი და თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი იყო, 1907 წლიდან გამოსცემდა ორ პერიოდულ ორგანოს "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი".
ფოლკლორული ნიმუშების შეკრება-პუბლიკაციას "ძველ საქართველოში" მიმართულება თვით რედაქტორმა - ექვთიმე თაყაიშვილმა მისცა. იგი წერილობით წყაროებთან ერთად აუცილებელ საჭიროებად თვლიდა ფოლკლორული მასალების გათვალისწინებისა, რადგან მრავალი ისტორიულ-კულტურული საკითხი, რაზედაც წერილობითი წყარო დუმს, შესაძლოა ზეპირსიტყვიერების საშუალებით აიხსნას.
"ძველ საქართველოში" ფოლკლორული ტექსტები ეთნოგრაფიული პრინციპით ქვეყნდებოდა.
"ვის არ შეუძლია ჩაწეროს და მოგვაწოდოს ხალხური ზღაპრები, სიმღერები, გამოცემანი, არაკები, თქმულებანი, შელოცვები და გამოცანები? ... რომელ განათლებულს სამეგრელოს მკვიდრს არ შეუძლია შეადგინოს ლექსიკონი ქართულ-მეგრული და მეგრულ-ქართული და დაგვიწეროს მეგრულათ მეგრული სახალხო სიტყვიერება? რომელს განათლებულს სვანს არ შეუძლია შეადგინოს ქართულ-სვანური და სვანურ-ქართული ლექსიკონი და ჩაწეროს სვანური ხალხური ნაწარმოები?" (ძველი საქართველო I, გვ. IV).
"როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით სხვათა შორის სახალხო პოეზიის შეკრებას და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოთ მთიელთა ცხოვრების შესახებ, და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: ამას შენზე უკეთესად ვერავინ შეგვიდგენს, გასამრჯელოს მოგართმევთ, რა თქმა უნდა, შეგვიკრიბე ასეთი მასალა-მეთქი... მანაც დამპირდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა "ფშაველი და მისი წუთისოფელი".
(ციტატა მოყვანილია ე. თაყაიშვილის ხელნაწერიდან, დამოწმებულია შ. კვანტალიანის წიგნიდან "ხალხური სიტყვიერება ექვთიმე თაყაიშვილის "ძველ საქართველოში". თბ. 2005, გვ. 12).
ექვთიმე თაყაიშვილი პირველი აღმნუსხველია ძველ ხელნაწერ კრებულებში შემონახული ხალხური სიტყვიერების ტექსტებისა. მან მრავალი ფოლკლორული ნაწარმოები გამოავლინა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხელნაწერების აღწერისას. იგი ისეთივე მეთოდით აღწერდა ზეპირსიტყვიერ ძეგლებს, როგორც ლიტერატურულ თხზულებებს. მისი აღწერილია ხალხური სიტყვიერების ნიმუშები "აბრამიანი", "ლექსი ავთანდილისა", "როსტომიანი", "ელისაბედიანი".
"ძველი საქართველოს" ტომებში დაიბეჭდა ორი ათასი ხალხური ლექსი, 1385 ანდაზა და სიტყვის მასალა, 118 გამოცანა, 16 სიმღერა ნოტებით, 33 ზღაპარი, 4 თქმულება, სულ 3556 ფოლკლორული ნიმუში", - წერს ფოლკლორისტი შოვნა კვანტალიანი ნარკვევში "ხალხური სიტყვიერება ექვთიმე თაყაიშვილის "ძველ საქართველოში", თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2005.
ფოტო Pinterest-იდან
Comments
Post a Comment